Thumbnail

'მე ტურისტი არ ვარ' - ვაკო გვილიას ლუცერნში დაბრუნება არ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 24 წლის ფეხბურთელს გურნიკში იჯარა ამოეწურა, ლუცერნთან კი კონტრაქტი აქვს
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს შვეიცარიაში ტურისტად ჩასვლა აღარ სურს
  • გავრცელებული ინფორმაციით, გვილიას პოლონური კლუბების ვარიანტები აქვს

საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველის ვალერიან (ვაკო) გვილიას მომავალი გაურკვეველია. ფეხბურთელმა, რომელმაც იჯარით სეზონის მეორე ნაწილი პოლონურ გურნიკში გაატარა, ლუცერნში დაბრუნებით დაინტერესებული არაა. ქართველ ნახევარმცველს სტატია luzernerzeitung-მა მიუძღვნა: 

"ლუცერნის დატოვება მსურს", - ამბობს ვაკო, რომელსაც შვეიცარულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე კიდევ აკავშირებს.

ვაკო შვეიცარიიდან პოლონეთში ზამთარში გადაბარგდა

 
ვაკო ზაბჟეს გურნიკს იჯარით ზამთარში შეუერთდა და გუნდს პოლონეთის ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. გუნდმა სარელეგაციო ჯგუფში 7 მატჩიდან 5 მოიგო და საბოლოოდ ცხრილში მე-11 ადგილი დააკავა. 

ქართველი ნახევარმცველისთვის პოლონეთში გატარებული ხუთი თვე წარმატებული გამოვიდა. 

"პირველი დღიდანვე ვგრძნობდი თავდაჯერებას. თანაგუნდელებიც, კლუბიცა და გულშემატკივრებიც მუდმივად მხარში მედგნენ", - ამბობს ვაკო, რომელმაც გურნიკის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. ის მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტწილად 90 წუთს თამაშობდა. 

"ლიგაში ადგილის შესანარჩუნების საქმეში ჩემი წვლილიც შევიტანე", - ამბობს ვაკო. 

24 წლის ფეხბურთელს პოლონურ ექსტრაკლასაში თამაშის პრობლემა არ ჰქონია

ვაკო გვილიას ლუცერნთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. ცოტა ხნის წინ კლუბის სპორტული დირექტორი რემო მეიერი ამბობდა, რომ ზაფხულში ვაკოს ლუცერნში დაბრუნებას ელოდება. "კონტრაქტით ის მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, მას გურნიკთან ან სხვა რომელიმე კლუბთან არაფერი აკავშირებს". 

მეტი ამ თემაზე: მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ - ლუცერნში ვაკო გვილია უკვე ენატრებათ

ვაკო შვეიცარიულ კლუბში 2018 წლის ზამთარში, ბორისოვის ბატედან გადავიდა და სწრაფად იქცა ლუცერნის ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ გუნდში ახალი მწვრთნელის, რენე ვაილერის მისვლის შემდეგ, ვაკო ნელ-ნელა სათადარაგითო სკამს გაუშინაურდა. 

"თვითრწმენა დავკარგე, - ისხენებს იმ პერიოდს გვილია, რომელსაც აღარ სურს, იგივე გამეორდეს. - ლუცერნი ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ იქ დაბრუნება ტურისტად ნამდვილად არ მსურს".

ვაკო გვილიას კარიერა ლუცერნში კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად გაგრძელდა

გვილია იმედგაცრუებული იყო იმითაც, რომ ხუთთვიანი იჯარის პერიოდში, ლუცერნიდან ის არავის მოუკითხია: "ლუცერნიდან არავინ დაინტერესებულა ჩემით და არავინ დამკავშირებია".
 
მაგრამ ორშაბათს ვაკო გვილიას რემო მაიერმა დაურეკა, ქართველმა ფეხბურთელმა ლუცერნის სპორტულ დირექტორს პირდაპირ უთხრა: "ლუცერნის დატოვება მსურს". ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი პოლონური კლუბია დაინტერესებული. 

ვაკო გვილიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში გატანილი 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები