Thumbnail
  • არგენტინაში ლიონელ მესის გამო მზად არიან, სახელი გაზეთსაც კი გადაარქვან.
  • ბრაზილიაში საერთო მწუხარებას გაზეთის თეთრი გარეკნით გამოხატავენ.
  • იტალიური მედიის რჩევა და მოწოდება ქვეყნის შემარცხვენელ ფეხბურთელებს.  

1. ფეხბურთი და ბლა-ბლა-ბლა

განა, შეიძლება კიდევ არსებობდეს რაიმე მნიშვნელოვანი იმ დღეს, როდესაც საფეხბურთო დერბია? მაგალითად, ბრაზილიაში დარწმუნებულნი არიან, რომ არა!

“ბლა-ბლა-ბლა” - ასე აღწერეს გამოცემა ESTADO DE MINAS-ის ჟურნალისტებმა ყველა მოვლენა, რაც იმ დღეს ფეხბურთს არ ეხებოდა.

2. რონალდოს პოკერი

თავის დროზე კრიშტიანო რონალდოს მეოთხე “ოქროს ბურთი” ჟურნალისტებმა MARCA-ს ყდაზე ბანქოს გამოსახვით აღნიშნეს. მართალია, კარტის ნომინალი მაშინ ლოგიკური იყო, მაგრამ “ოთხიანი”, ცოტა არ იყოს, მაინც უპატივცემულობაა პორტუგალიელისთვის, არა?

3. Ole - leO

არგენტინული გამოცემა Ole ზოგჯერ სახელწოდებასაც კი იცვლის, რისი მიზეზიც ლიონელ მესის ფეერიული თამაში შეიძლება გახდეს. რა გასაკვირია, არგენტინაში ლეო მთავარია!

4. ყვითელ-წითელი გერმანია

2013 წელს გერმანული ჟურნალი Zeit Magazin ასეთი საინტერესო მთავარი გვერდით გამოვიდა. მისი ერთი მხარე ყვითელ-შავი იყო, მეორე - წითელ-თეთრი. გამოცემის ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ბორუსია და ბაიერნი ეთამაშებოდნენ.

“ამ ნაბიჯით გვსურდა იმის დამტკიცება, რომ ჩვენი რედაქცია ისევე, როგორც მთელი გერმანია, ამ დღეს გულშემატკივართა ორ ბანაკად გაიყოფა”, - იუწყებოდნენ გამომცემლები.

მგონი, ურიგოდაც არ გამოვიდა.

5. იტალიური პირდაპირობა

იტალიური პრესას, როგორც მთელი ქვეყანას, ისე ეწყინა ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენა, რომ ფეხბურთელებს საქმიანობის შეცვლისკენ მოუწოდა. 

გამოცემის პირველ გვერდზე ნათქვამია: “მშვიდობით მსოფლიოს თასო! 60 წლის შემდეგ ვრჩებით შინ. სირცხვილი” 

ცოტა ქვემოთ კი: “წადით, იმუშავეთ”. 

ფოტოსურათით თუ ვისმჯელებთ, ნაკრების ფეხბურთელებისადმი მოწოდება მძიმე და არცთუ პრესტიჟული საქმიანობით დაკავებისკენაა. 

6. კატალონიური მინიშნება

Mundo Deportivo ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს რეალი და იუვენტუსი უნდა დაპირისპირებოდნენ, ასეთი გარეკნით გამოეხმაურა.

FORZA ALVES - ძნელი მისახვედრი არაა, ვის ქომაგობდა კატალონიური გამოცემა, ბარსელონიდან ტურინულ გუნდში დანი ალვეშის ტრანსფერმა კი რედაქორებს ყდის კრეატიულად გაფორმების საშუალებაც მისცა.

Mundo Deportivo-ს საწყენად, მატჩი რეალმა მოიგო - 4:1. 

7. გლოვა ბრაზილიურად

თეთრი გვერდი. ლოგოტიპი. წარწერა ქვემოთ: “რისხვა, აღშფოთება, ტკივილი, დაბნეულობა, იმედგაცრუება, სირცხვილი, მწუხარება”. ასეთი ნახეს გაზეთი Lance მისმა მკითხველებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის გერმანიასთან ანგარიშით 1:7 დამარცხების შემდეგ.

რედაქციამ ამ ნაბიჯით ბრაზილიის ყველა ქომაგს მისცა საშუალება, ცარიელ პირველ გვერდზე თავად დაეწერა ის, რაც სურდა და რასაც გრძნობდა.

8. რუსულენოვანი პერუ

აი, პერუელებს კი ისე გაუხარდათ თავიანთი ნაკრების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლა, რომ ესპანურენოვანი გაზეთის Peru 21-ის ერთი ნომრის ყდა რუსულ ენაზე გააფორმეს.

პერუელთა სიხარული გასაგებია, რადგან 36 წელია, მუნდიალზე არ უთამაშიათ.

9. The Sun-ის ვედრება

ბრიტანულმა The Sun-მა კი, როგორც ჩანს, იწინასწარმეტყველა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიიონატზე ინგლისის ნაკრების კრახი. გამომცემლებმა ფრაზა “გვიშველე!” ქრისტეს ქანდაკების ფონზე წააწერეს, მაგრამ ვედრებამ ინგლისელებს არ უშველა, მათმა გუნდმა ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა (კოსტა-რიკასთან) და ბოლო ადგილი დაიკავა.

10. AS-ის ხუმრობა

ესპანური გაზეთის AS-ის ხუმრობას კი კინაღამ საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც რუსებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური პლაკატის პრეზენტაცია გამართეს, გამომცემლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სურათი, რომლის ხილვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მსგავსი დიზაინი 2010 წლის მუნდიალის ფინალის პლაკატს უკვე ჰქონდა.

რუსულისგან განსხვავებით, ესპანურ ვარიანტზე ლევ იაშინის ნაცვლად იკერ კასილიასია გამოსახული.

ის იყო, პლაგიატთან დაკავშირებით საერთაშორისო სკანდალი მომწიფდა, რომ ვითარება ისევ AS-მა განმუხტა - ჩვეულებრივი ფეიკია, ვიხუმრეთ და ამით მხოლოდ ჩვენი იკერის ბრწყინვალების ხაზგასმა გვსურდაო.

კომენტარები

ბოლო ამბები