Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელს პოლ პოგბას გაყიდვა არ სურს
  • ოლე გუნარ სულშერი ფრანგ ნახევარმცველს გუნდის კაპიტნობას სთავაზობს

მანჩესტერ იუნაიტედი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პოლ პოგბა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. ‘მირორის’ ინფორმაციით, მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი მზადაა, 26 წლის ნახევარმცველს გუნდის კაპიტნობა შესთავაზოს და იმედი აქვს, რომ ფრანგი იუნაიტედიდან წასვლას გადაიფიქრებს.

როგორც იცით, საფრანგეთის ნაკრების ლიდერის გადაბირება მადრიდის რეალს სურს. პოგბას იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

პოგბასთვის კაპიტნის სამკლავურის შეთავაზების წინაპირობა ისიცაა, რომ იუნაიტედის ამჟამინდელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია ივნისში ‘ოლდ ტრაფორდს’ დატოვებს. გუნდის ვიცე-კაპიტანი ეშლი იანგია და ESPN-ის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი კაპიტანი არ გახდება. იუნაიტედი ზაფხულში ახალი მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს და 33 წლის ფეხბურთელს გუნდში განსაკუთრებული როლი ვეღარ ექნება. სულშერს მიაჩნია, რომ იუნაიტედის კაპიტნობას ყველაზე მეტად პოგბა იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ იუნაიტედის კაპიტნის სამკლავური ჟოზე მოურინიოს დროსაც მოირგო - თუმცა დროებით. სულშერს იმედი აქვს, რომ გუნდის კაპიტნობა ის პასუხისმგებლობაა, რაც პოგბას იუნაიტედში დარჩენას გადააწყვეტინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები