Thumbnail

ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში არ ჩავა - არსენალის დანაკლისი ევროპალიგის ფინალში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის არსენალმა და სომეხმა ნახევარმცველმა გადაწყვეტილება მიიღეს
  • 30 წლის ფეხბურთელი ბაქოში გასამართ ევროპალიგის ფინალში არ ითამაშებს
  • მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული ვითარებაა

ლონდონის არსენალის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტოვებს ევროპალიგის ფინალურ შეხვედრას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს. 

ევროპის რანგის მეორე საკლუბო ტურნირში გამარჯვვებისთვის ლონდონის არსენალი და ჩელსი 29 მაისს იბრძოლობენ. 30 წლის ნახევარმცველი ბაქოში ჩასვლას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტური ვითარების გამო ერიდება. 

მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინსტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, მხითარიანს ბაქოში ჩასვლის პრობლემა არ ექნებოდა და მას უსაფრთხოების გარანტიაც მისცა, არსენალმა კი უკმაყოფილება ფინალის ჩატარების ადგილის გამო გამოთქვა.

ევროპალიგის ფინალს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს

"სამწუხაროდ, ჰენრიხ მხითარიანი გუნდს ევროპალიგის ფინალში, ჩელსისთან სათამაშოდ ვერ გაჰყვება. ამ მატჩში ჰენრიხის მონაწილეობის ყველა შესაძლო ვარიანტი ყურადღებით გავაანალიზეთ, მაგრამ მხითარიანსა და მის ოჯახთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ის გუნდს არ გაჰყვება.

ჩვენ მივწერეთ უეფას წერილი და გამოვთქვით შეშფოთება ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მხითარიანი ჩვენი საკვანძო მოთამაშეა და ფინალში მისი არყოფნა არსენალისთვის დიდი დანაკლისია. ასევე ძალიან დასანანია, რომ მოთამაშე ევროპის სერიოზულ ტურნირს ასეთი ვითარების გამო აკლდება. ფეხბურთელის კარიერაში ასეთი რამ იშვიათად ხდება", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში

სომეხ ფეხბურთელს ევროპალიგის თასი ერთხელ უკვე აქვს აღმართული

თავად ფეხბურთელი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ყველა ვარიანტის განხილვის შემდეგ, იძულებული გავხდი, ჩელსისთან ფინალის გამოტოვების გადაწყვეტილება მიმეღო. ასეთი თამაშები ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაში იშვიათობაა. ვაღიარებ, რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ფინალში ვერ ვითამაშებ. ჩემს გუნდს ვუგულშემატკივრებ. ჯილდო უნდა მოვიგოთ". 
 
ჰენრიხ მხითარიანმა პოლიტიკური მიზეზით ორჯერ უკვე გამოტოვა ევროთასების მატჩები აზერბაიჯანულ კლუბებთან. ფეხბურთელს ევროპალიგა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად უკვე აქვს მოგებული (2017 წელს) და მაშინ წარმატება სომხეთის დროშითაც იზეიმა.

ჰენრიხ მხითარიანი ლონდონის არსენალის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. სომხეთის ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც კარიერა ერევნის პიუნიკში დაიწყო, ასევე უთამაშია მანჩესტერ იუნაიტედში, დორტმუნდის ბორუსიაში, დონეცკის მეტალურგსა და შახტარში.

არსენალმა ევროპალიგის ფინალში თამაშის უფლება ვალენსიასთან ორრაუნდიან ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვებით (3:1, 4:2) მოიპოვა. ლოდნონის ჩელსიმ ნახევარფინალში ფრანკფურტის აინტრახტის ბარიერი დაძლია (1:1, 1:1 პენ. 4:3).

კომენტარები

ბოლო ამბები