Thumbnail

ტრანსფერები | იუნაიტედი რეკორდს ამზადებს - ახალი რონალდო მანჩესტერის სამიზნეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჟოაო ფელიქსის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება
  • მანჩესტერელები ბენფიკას 19 წლის შემტევში 120 მილიონი ევროს იხდიან
  • პორტუგალიელის კიდევ ერთი მსურველი მადრიდის ატლეტიკოა

ბენფიკას 19 წლის შემტევი ნახევარმცველის, ჟოაო ფელიქსისთვის ბრძოლაში, მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის ატლეტიკოც ჩაებნენ. ცნობილია, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელით, რომელსაც კრიშტიანო რონალდოს ადარებენ, არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. 

პორტუგალიური record-ის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანლობა მზადაა, ფელიქსის სანაცვლოდ 105 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გადაიხადოს და თუკი ტრანსფერი განხორციელდება, ის უმსხვილესი იქნება იუნაიტედის ისტორიაში. რეკორდი კი "წითელი ეშმაკების" ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ეკუთვნის, რომლის სანაცვლოდ მანჩესტერულმა კლუბმა თავის დროზე 105 მილიონი ევრო გაიღო.

ჟოაოს პორტუგალიის ჩემპიონებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს

რაც შეეხება ატლეტიკოს, მადრიდელები ანტუან გრიზმანის შემცვლელის ძიებაში არიან, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, ფელიქსს კი შესაფერის კანდიდატად მიიჩნევენ. 
იუწყებოდნენ, რომ ჟოაოს თავის გვერდით, იუვენტუსში ხილვა მის თანამემამულე კრიშტიანო რონალდოს ძალიან სურს. ფეხბურთელის მიმართ ასევე ინტერესდებიან: მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი და მადრიდის რეალი. 

ჟოაო ფელიქსმა პორტუგალიის ჩემპიონატის ამ სეზონში ლისაბონური კლუბის 26 მატჩში ითამაშა, 15 გოლითა და 7 საგოლე პასით გამოირჩა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენფიკამ თავდამსხმელთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო თანხა 120-იდან 200 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები