Thumbnail
  • ვინ შეცვლის იუვენტუსში მასიმილიანო ალეგრის?
  • ფავორიტი ჯერ კიდევ ანტონიო კონტეა
  • როგორც ირკვევა, ის კრიშტიანო რონალდოს არ მოსწონს

5 წელი, 5 ჩემპიონობა - მიუხედავად ასეთი შედეგისა, იუვენტუსის ხელმძღვანელებმა მასიმილიანო ალეგრისთან განშორება გადაწყვიტეს. 51 წლის მწვრთნელის ეპოქა ტურინულ გრანდში წარმატებულად შეფასდა, მაგრამ ალეგრიმ ვერ მოიგო მთავარი - ჩემპიონთა ლიგა. არადა, გუნდი ორჯერ გაიყვანა ფინალში…

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, იუვეს ბოსების ფავორიტი ანტონიო კონტეა. 49 წლის სპეციალისტი ერთხელ უკვე წვრთნიდა ტურინულ კლუბს - ყოფილმა კაპიტანმა 2011-დან 2014 წლამდე იუვენტუსს 3 სკუდეტო მოაგებინა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ისიც ხელმოცარული რჩებოდა. ჩელსიდან წასვლის შემდეგ კონტე უმუშევარია და წესით, ტურინში მის დაბრუნებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. მაგრამ როგორც ჩანს, კრიშტიანო რონალდო კონტეს წინააღმდეგია!

გამოცემა ‘ლა რეპუბლიკა’ წერს, რომ პორტუგალიელს საკმაოდ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, როცა ალეგრის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კონტეს გვარი ახსენეს. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ რონალდოს კონტეს პრაგმატული სტილის გამო ეშინია და ფიქრობს, რომ ისე თავისუფლად ვეღარ ითამაშებს, როგორც ალეგრის ხელში თამაშობდა. ანტონიო კონტე დაცვითი ფეხბურთის, აგრესიული პრესინგის, შანსის დალოდების მიმდევარი პრაგმატული მწვრთნელია.

ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია

‘ლა რეპუბლიკაში’ ვკითხულობთ, რომ რონალდოს თავისი ფავორიტები ჰყავს - მას უნდა, რომ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ან ჟოზე მოურინიო გახდეს. არც ეს უკანასკნელია შემტევი ფეხბურთის მოყვარული სპეციალისტი, მაგრამ 56 წლის ჟოზე პორტუგალიელია და რონალდოს ის ძალიან უყვარს. რეალში კრიშტიანო და ჟოზე ერთმანეთს შესანიშნავად უგებდნენ. რაც შეეხება ანჩელოტის - 59 წლის იტალიელი ნაპოლიში მუშაობს და სამხრეთიტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. მოურინიო კი უმუშევარია, მაგრამ მისი სახელი იტალიაში იუვენტუსის მოსისხლე მტერთან, მილანის ინტერთან ასოცირდება. შესაბამისად, იუვეს ფანები ჟოზეს ვერ იტანენ.

ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან გასული წლის ბოლოს გაუშვეს

ცნობილია, რომ ტურინული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის კონტეს დაბრუნება სურთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ანტონიომ იუვენტუსი პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან უთანხმოების შედეგად დატოვა.

კონტეს გარდა, იტალიურ პრესაში, იუვენტუსთან მიმართებაში, მაურიციო სარის (ჩელსი), სიმონე ინძაგის (ლაციო) და სინიშა მიხაილოვიჩის (ბოლონია) გვარებსაც ახსენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები