Thumbnail

'ისე ვიჭიდავებდი, რომ არაფერი დაშავებოდა' - ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს ტრავმაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი ტაკაკეიშოს ტრავმაზე
  • ტოჩინოშინის მიზნები ნაცუ ბაშოზე
  • ქართველის მომავალი მეტოქე მიტაკეუმი
ტოჩინოშინი V ტაკაკეიშო. მარტის ბაშოს ბოლო დღე

ზაფხულის (ნაცუ) ბაშოზე სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მერვე გამარჯვება უბრძოლველად მიიღო - დებიუტანტი ოძეკი ტაკაკეიშო მას დოჰიოზე არ გამოუცხადდა და ტრავმის გამო მეორედ მიატოვა ბაშო. ასე რომ, ლევან გორგაძეს 8-1 ბალანსი აქვს და ნაცუ ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია.

nikkansports.com-მა ქართველ სუმოისტს კომენტარი ჩამოართვა: "ტაკაკეიშოს წინააღმდეგ ფრთხილად ჭიდაობას ვაპირებდი, რომ მისთვის არაფერი დამეშავებინა. მე ძალიან კარგად ვიცი, რა ძნელია სუმოში ტრავმის მიღება, ამიტომ არ მსურს, ვინმე დაშავდეს", - განაცხადა მან.

ტოჩინოშინს მომავალ ბრძოლებზეც კითხეს - მას ხომ 6 დარჩენილ ორთაბრძოლაში 2 მოგებაღა ესაჭიროება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად:

"ასე "შორს" არ ვიყურები, მხოლოდ მომდევნო ორთაბრძოლაზე ვიფიქრებ, თუმცა მიზნის მიღწევა შესაძლებელია". 

ტოჩინოშინი V მიტაკეუმი

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელმაც შარშან ივლისის ბაშო მოიგო. ყოფილი სეკივაკე ნახევრად იაპონელი და ნახევრად ფილიპინელია. ქართველ სუმოისტს მასთან ორთაბრძოლებში დადებითი ბალანსი აქვს - 7:3.

ტოჩინოშინის მიზნები ნაცუ ბაშოზე

1. დადებითი ბალანსი 

მიზანი მიღწეულია

ამით ტოჩინოშინმა თავიდან აიცილა უკუსვლა რეიტინგში. მეტიც, სულ მცირე, აღმოსავლეთის სეკივაკის რანგი გაინაღდა.

3. 10 მოგება 

რჩება 2 გამარჯვება

დარჩენილ 6 ორთაბრძოლაში მან უნდა მოიგოს 2 და ავტომატურად დაიბრუნებს ოძეკის დაკარგულ ტიტულს.

3. იმპერატორის თასი

ამისთვის საჭიროა პირველ ადგილზე გასვლა. თუ დარჩენილ ყველა ბრძოლას მოიგებს, 99%-ით ქართველი იუშოს მფლობელი გახდება. 

ნაცუ ბაშო. ლიდერები

8-1: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ასანოიამა (მაეგაშირა 8)

7-2: ენჰო (მაეგაშირა 14), კოტოეკო (მაეგაშირა 15)

6-3: ტაკაიასუ (ოძეკი), გოეიდო (ოძეკი), მიტაკეუმი (კომუსუბი), აბი (მაეგაშირა 4), რიუდენი (მაეგაშირა 5), შოდაი (მაეგაშირა 7), შოჰოზანი (მაეგაშირა 11), დაიშოჰო (მაეგაშირა 16).  

კომენტარები

ბოლო ამბები