Thumbnail

'მსგავსი დანაშაული არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე' - სფფ-ს განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სუს-მა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ბრალდებით ფეხბურთელები დააკავა
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ბრალდებით, ვიტ ჯორჯიას, გურიას და ჭიათურის ფეხბურთელები დააკავა. სუს-მა შესაბამისი შინაარსის ვიდეო-მასალაც გამოაქვეყნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ...

📋 მეტი ამ თემაზე

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის ვიტ ჯორჯიას ხუთი, ლანჩხუთის გურიას ორი, ჭიათურის ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელს საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არცერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე".

❗️📢 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება !

Posted by Georgian Football Federation on ორშაბათი, 20 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები