Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მეკარემ მაგდებურგში ბოლო მატჩი ჩაატარა და ტრავმა მიიღო
  • მაგდებურგი მესამე ბუნდესლიგაში გავარდა, ლორია კი ანორთოსისში გადაბარგდება
  • თემურ ქეცბაიას გუნდში ლორიასთან ერთად, თორნიკე ოქრიაშვილსაც ელოდებიან  

საქართველოს ნაკრებისა და მაგდებურგის მეკარე გიორგი ლორიამ მეორე ბუნდესლიგაში სეზონის ბოლო მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა. 33 წლის გოლკიპერმა კიოლნთან შეხვედრაში (1:1) კისრის ტრავმა მიიღო და მოედანი 81-ე წუთზე დატოვა. ეს მისი ბოლო თამაში იყო მაგდებურგში, რომელიც მესამე ბუნდესლიგაში გავარდა.

გიორგიმ გერმანულ კლუბსა და მის გულშემატკივრებს ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა:

"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა კლუბს, რომლის ღირსებას, მართალია, ნახევარი სეზონის განმავლობაში ვიცავდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აქ ძალიან დიდი ხანი გავატარე. მადლობა კლუბის ყველა თანამშრომელს: დირექტორებს, მწვრთნელებს, პერსონალს, ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა ფანატებს, რომლებიც შინ თუ გასვლით მატჩებზე, მხარში გვედგნენ". 

გიორგი ლორია ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ მაგდებურგს თავისუფალი აგენტის სტატუსით, ამ წლის იანვარში შეუერთდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა. გამოცდილმა გოლკიპერმა გუნდის ღირსება მეორე ბუნდესლიგის 11 მატჩში დაიცვა, გაუშვა 10 გოლი, 3 შეხვედრაში კი კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა, თუმცა მაგდებურგი დაქვეითებისგან ვერ იხსნა. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ რანგით მესამე დივიზიონში გავარდნის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მეკარე კლუბთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებდა. 

გიორგი ლორიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა კლუბმაც გადაუხადა

1,97 მეტრი სიმაღლის მეკარეს ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული, სხვადასხვა დროს კი თბილისის დინამოში, ბერძნულ ოფი-ში, რუსულ კრილია სოვეტოვსა და ანჟიში უთამაშია.

არსებული ინფორმაციით, ლორიას დამატებით კვიპროსული ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებული თემურ ქეცბაიაა დაინტერესებული, რომელსაც გუნდში მასთან ერთად, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევაც სურს. 

კრასნოდართან დამშვიდობების შემდეგ, ოქრიაშვილი უკლუბოდაა

27 წლის ნახევარმცველმა შარშან რუსულ კრასნოდართან კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ უკლუბოდაა. ოქრიაშვილმა კარიერა გაგრაში დაიწყო, რის შემდეგაც უკრაინაში გადაბარგდა, სადაც მარიუპოლსა და ჩერნომორეცში, ასევე ბელგიურ გენტსა და თურქულ ესქიშეჰირში ითამაშა.  

თორნიკე ოქრიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

ქეცბაიამ ანორთოსისთან 2-წლიანი კონტრაქტი ახლახან გააფორმა

კვიპროსული მედიის ცნობით, 51 წლის ქართველმა სპეციალისტმა ანორთოსისის გაძლიერება უკვე დაიწყო და კლუბი პირველ ტრანსფერს უახლოეს საათებში განახორციელებს - 32 წლის ბერძენ მცველ გეორგიოს გალიციოსს გაიფორმებს. რაც შეეხება გიორგი ლორიასა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერებს, კვიპროსულ კლუბში მათ გამოჩენას ახლო მომავალში უნდა ველოდეთ.  

კვიპროსულ გუნდში ქართველი ლეგიონერები უკვე ირიცხებიან. თემურ ქეცბაიას ანორთოსისში ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე დახვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები