Thumbnail

კილიან მბაპე რეალში გადასვლას აღარ გამორიცხავს - ფრანგი სხვანაირად ალაპარაკდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კილიან მბაპემ, მოულოდნელად, პსჟ-დან წასვლაზე ილაპარაკა
  • ფრანგმა ერთ თვეში აზრი შეიცვალა - ეს რეალის შანსია

კვირას, კილიან მბაპეს პარიზში ორი ჯილდო გადასცეს. პარი სენ-ჟერმენის 20 წლის ვარსკვლავი ზედიზედ მესამედ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და პირველად საუკეთესო ფეხბურთელი. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას, მბაპემ სცენაზე, ბევრისთვის მოულონდელად, საკუთარ მომავალზე დაიწყო ლაპარაკი. ფრანგი ჟურნალისტები წერენ, პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ამ დროს შოკირებული სახე ჰქონდაო.

იქნებ სადმე სხვაგან, ახალ პროექტში...

“ეს ჩემს კარიერაში პირველი ან მეორე გადამწყვეტი მომენტია,” - განაცხადა მბაპემ, რომელიც საჩემპიონო სეზონს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულებს (ახლა 28 მატჩში 32 გოლი აქვს), - აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შესაძლოა, უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღების დრო მოვიდა. იმედი მაქვს, რომ ეს პსჟ-ში მოხდება, რაც ძალიან გამიხარდებოდა. ანაც, იქნებ სადმე სხვაგან, ახალ პროექტში.”

საფრანგეთში არავის სჯერა, რომ მბაპემ ეს სიტყვები ‘ისე, უბრალოდ’ წარმოთქვა. მართლაც: მოგვიანებით, ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავმა მიქს-ზონაში აღნიშნა, რომ მისი აზრით, ახლა სწორედ ის მომენტი იყო, როცა ასეთი რამ უნდა ეთქვა.

“როცა რამეს ვამბობ, ასეც ვგულისხმობ და არა სხვანაირად. როგორც სცენაზეც ვთქვი, თუ ეს პსჟ იქნება, მხოლოდ გამიხარდება. თუ არა და ეს იქნება ახალი გამოწვევა სადმე სხვაგან.” - დაამატა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც მადრიდის რეალში ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, არ წყება საუბრები იმის შესახებ, რომ ზიზუს პრიორიტეტი სწორედ კილიან მბაპეს შეძენაა, რომელიც 2017 წელს მონაკოდან პსჟ-ში 180 მილიონ ევროდ გაიყიდა და პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რეალი ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს - მაგალითად, ჩელსიდან ედენ აზარის ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი თვის მბაპე სხვანაირად ლაპარაკობდა. საფრანგეთის ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, მან რეალს ფაქტობრივად უარი შეუთვალა. მაშინ მბაპემ თქვა, რომ პსჟ-ს პროექტის განუყოფელი ნაწილია. როგორც ჩანს, ამ ერთ თვეში ბევრი რამ შეიცვალა. მბაპემ ახლა აბსოლუტურად გააზრებულად, დიდი პუბლიკის წინაშე ილაპარაკა შესაძლო ტრანსფერზე და ლოგიკურია, რომ ტუხელს, როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, შოკირებული სახე ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები