Thumbnail

გიორგი ქვილითაიამ სეზონი გოლით დახურა - გენტის მოგება და მეხუთე ადგილი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტმა ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ ანდერლეხტს ანგარიშით 2:1 მოუგო
  • გიორგი ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა
  • ქვილითაიას და ჩაკვეტაძის გუნდმა ჟუპილერ ლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გენტის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბელგიის 2018/19 წლების ჟუპილერ ლიგა გატანილი გოლით დაასრულა, მისმა გუნდმა კი - ანდერლეხტთან საშინაო მატჩში გამარჯვებითა (2:1) და ცხრილში მეხუთე ადგილით. 

გიორგიმ ადერლეხტს უკვე მეორე წუთზე გაუტანა

ბელგიის პირველობის საჩემპიონო ჯგუფის ბოლო, მე-10 ტურის მატჩში ანგარიში სწორედ გენტის 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, უკვე მე-2 წუთზე გახსნა. მასპინძელთა იერიშის შემდეგ, ანდერლეტხის მეკარემ პირველი დარტყმის მოგერიება კი მოახერხა, მაგრამ ბურთი იქვე მყოფ ქვილითაიას მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ქვილითაია 78-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. თამაშში მონაწილეობა არ მიუღია გენტის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

ქვილითაია ამ სეზონში ტრავმებმა საკმაოდ  დააზარალა

გიორგი ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატში გენტის ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. ახლახან ქართველმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ თუკი მომავალ სეზონში მეტი სათამაშო დრო არ ექნება, კლუბის შეცვლაზე იფიქრებს

გიორგი ქვილითაია გენტში გასულ ზაფხულს, ვენის რაპიდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ გადავიდა. ცენტრფორვარდს სამშობლოში თბილისის დინამოსა და გორის დილაში უთამაშია, საზღვარგარეთ კი - რუმინულ დიორშიც. 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 4 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები