Thumbnail

ნადალმა ჯოკოვიჩს რომის ფინალიც მოუგო და ისტორიული სეტიც

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რაფაელ ნადალი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:0, 4:6, 6:1
  • ესპანელმა ჩოგბურთელმა 2019 წელს თიხაზე პირველი ტიტული მოიგო

რაფაელ ნადალმა მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერი იტალიის ღია პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა. რომში გამართული ფინალური ორთაბრძოლა სამი სეტის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ რეიტინგის მეორე ნომრის გამარჯვებით დასრულდა. რაფამ ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი და მესამე სეტები მოუგო და 2014 წლის როლან გაროსის შემდეგ პირველად, სერბ მოწინააღმდეგეს თიხაზე ჩატარებული ტურნირის ფინალში სძლია. ურთიერშეხვედრებში წინ კვლავ ნოვაკია, 28:26.

იტალიის ღია პირველობის რიგით მეცხრე ფინალის თავის სასარგებლოდ დასასრულებლად ნადალი თავიდანვე სერიოზულად იყო განწყობილი. პირველი სეტი მან 6:0 მოიგო და ეს  გახდა პირველი შემთხვევა ამ ორ მოთამაშეს შორის, როდესაც სეტში მშრალი ანგარიში დაფიქსირდა. ერთმანეთში მათ 141 (!) სეტი აქვთ ნათამაშები.

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, საჭირო მომენტში ბრეიკიც გააკეთა, 6:4 მოიგო და თანაფარდობა აღადგინა.

გადამწყვეტ სეტში რაფას მეტოქისთვის შანსი აღარ მიუცია, თამაშობდა ისე, როგორც თავის საუკეთესო წლებში, ნოვაკი კი პირიქით, დაღლილი და უენერგიო ჩანდა. საბოლოოდ დამაჯერებელი 6:1 და მოახლოებულ როლან გაროსს ესპანელი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთეს ხასიათზე შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები