Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა პორტლენდს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე მატჩიც მოუგო
  • უორიორსმა ტრეილ ბლეიზერსი, კევინ დურანტის გარეშე, 110:99 დაამარცხა
  • სტეფ კარი 36 ქულით საუკეთესო იყო

ერთი მოგებაც და გოლდენ სტეიტი ზედიზედ მეხუთედ გავა NBA-ს სუპერფინალში!

როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედმა ჩემპიონმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში, პორტლენდს მესამე მატჩიც მოუგო (ამჯერად 110:99) და ორშაბათს, მეოთხე მატჩის მოგებით ფინალში თამაშის განაღდება შეუძლია.

კევინ დურანტისა და დემარკუს კაზინსის არყოფნაში, საუკეთესო კვლავ სტეფ კარი იყო. ორგზის MVP 36 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. შეგახსენებთ, რომ კარიმ პირველ და მეორე დუელებშიც (36 და 37 ქულა) შესანიშნავად ითამაშა.

სტეფ კარისთან ერთად, ბრწყინვალე იყო გოლდენ სტეიტის დაცვის მთავარი შემოქმედი დრეიმონდ გრინი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი). “მან სასწაულები აკეთა, ყველაფერი დაანგრია, რაც გზად შეხვდა,” - თქვა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა გრინზე.

დრეიმონდი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო პორტლენდის დამრიგებელმა ტერი სკოტსმაც: “შეტევაში შესანიშნავ პასებს აკეთებდა, დაცვაში კი ყველგან იყო. ჩემთვის მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ გრინია,” - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ისე, როგორც სერიის მეორე მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ ახლაც პორტლენდი იგებდა. თუკი ‘ორაკლ არენაზე’ ტრეილ ბლეიზერსის უპირატესობა დიდ შესვენებაზე 17 ქულა გახლდათ, ამჯერად 13 იყო (66:53). მაგრამ მოქმედმა ჩემპიონებმა გრანდიოზული მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 29:13 მოიგეს! ამ პერიოდში მათ 18:3 გაქცევა ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ 19 ქულა ჩააგდო, ვერ ვიტყვით, რომ პორტლენდის ლიდერ დამიან ლილარდს კარგი საღამო ჰქონდა. 18 მცდელობიდან მან მხოლოდ 5-ის ჩაგდება მოახერხა. მისი თანაგუნდელი სი ჯეი მაკკოლუმი 23 ქულით გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ მან 10 მცდელობიდან მხოლოდ 2 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

გოლდენ სტეიტს კევინ დურანტი არც მომდევნო მატჩში ეყოლება. 30 წლის ფორვარდი შესაძლოა, მეხუთე თამაშისთვის დაბრუნდეს - თუკი მეხუთე თამაში საერთოდ შედგება. თუ არა და, ფინალში აუცილებლად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ტორონტოს 2:0-ს უგებს.

📺 ვიდეო: პორტლენდი 99:110 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები