Thumbnail
  • 19 მაისი | ⌚ 22:30 | ⚽ იუვენტუსი V ატალანტა
  • ტურინში ალეგრისა და ბარძალის ემშვიდობებიან
  • გასპერინის გუნდისთვის ყოველ ქულას ფასი აქვს
  • ატალანტამ იცის, როგორ უნდა მოუგოს იუვენტუსს

იტალიაში სეზონი, სხვა ტოპ-ლიგებთან შედარებით, გაჭიანურებულია და მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს გამარჯვებული კარგა ხანია ცნობილია, ევროთასებისა და გასავარდნ ზონებში დაძაბულობა პიკს აღწევს. ელიტაში დასარჩენად ხავსს ეჭიდება ემპოლი, აი, ცხრილის ზემოთა ნაწილში კი, მეორედან მერვე ადგილების ჩათვლით, გარკვეული ჯერ არაფერია. 

ჩემპიონატის  ბოლოსწინა, 37-ე ტური სამ საღამოზეა გაწერელი, თუმცა, ტურის უმეტესი და მთავარი შეხვედრები კვირა დღესაა ჩანიშნული. ტურინში, უკვე გაჩემპიონებულ იუვენტუსთან სათამაშოდ ბერგამოს ატალანტა ჩადის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს, ნეაპოლს კი მილანის ინტერი სტუმრობს. თუ ნაპოლიმ ვიცე-ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, ნერაძურის მესამე პოზიცია დასაცავი აქვს. ჩვენ ყურადღებას პირველ წყვილზე შევაჩერებთ - იუვენტუსი-ატალანტას დაპირისპირებაზე.

იუვენტუსი

მასიმილიანო ალეგრის გუნდს მოტივაცია აღარ შერჩა, ერთი სული აქვს, დაასრულოს ტურნირი და დაისვენოს. მას შემდეგ, რაც სკუდეტო გაინაღდა, იუვენტუსმა ქულები გულუხვად არიგა - ბოლო სამ მატჩში ორჯერ ფრეს დასჯერდა, სულ ბოლოს კი სულაც წააგო (რომასთან 0:2). 

ალეგრის 5-წლიანი ისტორია ტურინში ასე დასრულდა 

ფაქტია, ტურინული კლუბისა და მისი გულშემატკივრებისთვის მთავარი ამბები არა მოედნებზე, არამედ კაბინეტებში ხდება. კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასიმილიანო ალეგრი მომავალ სეზონში გუნდს აღარ გაწვრთნის, რომელსაც 2014 წლიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის 51 წლის სპეციალისტს, სავარაუდო კანდიდატებად კი ხან ანტონიო კონტეს ასახელებენ, ხან - კარლო ანჩელოტის და ხანაც - მაურიციო სარის.

"კლუბში ვიმსჯელეთ, რა იქნებოდა უკეთესი იუვენტუსისა და გუნდის მომავლისთვის. კლუბმა ყველაფერი გაიაზრა და გადაწყვიტა, რომ აჯობებს, თუ მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი მე არ ვიქნები. ეს წასვლის საუკეთესო დროა", - თქვა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე მაქს ალეგრიმ. 

მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ერთადერთი არაა, ვისაც იუვენტუსიდან აცილებენ. კვირას ტურინელთა არენაზე შავ-თეთრი მაისურით უკანასკნელად გავა ანდრეა ბარძალი.   

38 წლის მცველი ემშვიდობება კლუბს, რომელთანაც ერთადაც 8-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა

ტურინელებს მწყობრში მატია პერინი, სამი ხედირა და დუგლას კოშტა არ ჰყავთ, პრობლემები აქვს მარიო მანჯუკიჩსაც.  

ატალანტა

ბერგამოელებს 65 ქულა აქვთ, ცხრილში ამ დრომდე მეოთხე ადგილს იკავებენ და ქულით ჩამორჩებიან ინტერს, მაგრამ კვალში მილანი და რომა უდგანან, რომლებიც სულ 3 ქულით ჩამორჩებიან. 

ატალანტამ ქომაგებს იტალიის თასის ფინალში იმედი გაუცრუა

ჩემპიონებთან თამაშს ატალანტა, შუა კვირაში, იტალიის თასის ფინალში რომის ლაციოსთან წაგებით ხვდება და რა თქმა უნდა, ის მარცხი გუნდის განწყობაზე დადებითად ვერ იმოქმედებდა, მაგრამ ბერგამოელებს საქმე არც დეპრესიაში ჩასავარდნად აქვთ - ბოლოს და ბოლოს, ჯანპიერო გასპერინის გუნდს, სეზონის მეორე ნახევარში განხორციელებული 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით, ევროთასის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში უდევს და თუ დარჩენილ ორ მატჩშიც არ დაუცდება ფეხი, მომავალ სეზონში ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირშიც გაინაღდებს თამაშს. 

რაკი თასი ვახსენეთ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იუვენტუსი გათამაშებიდან სწორედ ატალანტამ გამოთიშა, რომელმაც ¼-ფინალში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტულის ზედიზედ მეხუთედ მოგების შანსი არ მისცა.

დუვან საპატამ ტურინელებთან სათასო მატჩში დუბლი შეასრულა

ტურინელებთან კიდევ ერთ თამაშს დაცვის ხაზში პრობლემებით ხვდება ჯანპიერო გასპერინი. რაფაელ ტოლოის ტრავმა დიდი ხანია აქვს, ხოსე პალომინოს არყოფნის მიზეზი კი ყვითელი ბარათების სიუხვეა. სხვა მხრივ ბერგამოელთა შემადგენლობას არავინ აკლია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლო 6 ტურში სულ 8 ქულა მოიპოვა, რაც ლიგაში მე-10 შედეგია. 

⚽ იუვე, რომელმაც სკუდეტო 33-ე ტურში, ფიორენტინასთან გამარჯვებით გაინაღდა, ზედიზედ სამი თამაშია ვერ იგებს. 

⚽ ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო მატჩში (თასზე) ბერგამოელებმა მოიგეს (3:0). ბოლოს ატალანტას იუვესთან 2001 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 

⚽ ტურინის იუვენტუსმა ატალანტასთან ყველა ტურნირის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ტაიმიც მოიგო და შეხვედრაც.  

⚽ ბერგამოს ატალანტას იტალიის ჩემპიონატში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გასპერინის შეგირდებმა აქედან 8 შეხვედრა მოიგეს.

იცოდი?

ატალანტა ტურინში მოგებათა 4-მატჩიანი სერიით ჩადის და აიღებს მინუმუმ ქულას?

⚽ ბოლოს ატალანტამ იტალიის თასის ფინალი ლაციოსთან წააგო (0:2) და ყველა ტურნირში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

⚽ ჯანპიერო გასპერინის შეგირდებმა ყველა ტურნირში ბოლო 6 მატჩიდან 5 ისე მოიგეს, რომ მინიმუმ ორ გოლს იტანდნენ. 

⚽ ბერგამოს ატალანტას მიერ მოგებული ბოლო სამი შეხვედრის პირველ ტაიმში ფრე დაფიქსირდა.  

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, რონალდო, დიბალა.

ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - მანჩინი, ჯიმსიტი, მაზიელო - ჰატებური, ფროილერი, რონი, კასტანი - გომესი, ილიჩიჩი - საპატა.

კომენტარები

ბოლო ამბები