Thumbnail
  • რეალში ტიბო კურტუას შემცვლელის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან
  • ზინედინ ზიდანს ლუკა ზიდანი სურს, დანარჩენებს - ანდრეი ლუნინინი
  • ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად მიიღებს

ესპანურ მედიაში იწერება, რომ მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, გუნდში მეორე მეკარედ თავისი ვაჟის, ლუკა ზიდანის მიყვანა სურს. პირველი მეკარე ტიბო კურტუაა და ასე იქნება მომავალ სეზონშიც, მეორე - კეილიორ ნავასი კი, დიდი ალბათობით, "სამეფო კლუბს" დაემშვიდობება.

შესაბამისად, ფრანგ სპეციალისტს არჩევანი, რეალის მეორე გუნდ კასტილიაში მოთამაშე თავის შვილსა და უკრაინელ ანდრეი ლუნინს შორის აქვს გასაკეთებელი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით, ლეგანესში გამოდის.

ლუკას რეალის მთავარ გუნდში ოფიციალური დებიუტი შარშან მარტში ჰქონდა

20 წლის ლუნინმა, რომელიც უკრაინული ზორიადან ესპანეთში შარშან გადაბარგდა, ლეგანესის კარი სეზონის 6 მატჩში დაიცვა, გაუშვა 5 გოლი, სამჯერ კი კარი "მშრალად" შეინახა. 21 წლის ლუკა ზიდანმა, რომელმაც სეგუნდაში კასტილიის კარი 27 მატჩში დაიცვა, ამ სეზონში რეალის მთავარი გუნდის მაისურით მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ამის მიუხედავად, 46 წლის ზიზუ ფიქრობს, რომ მისი ვაჟი კლასით ლუნინზე ნაკლები ნამდვილად არაა და მადრიდელთა მთავარ გუნდში ტიბო კურტუას შემცვლელად ყოფნას იმსახურებს. 

ახალგაზრდა უკრაინელმა მეკარემ ლეგანესში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო

გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის სურვილს კლუბის ხელმძღვანელობაში დიდად არ იწონებენ და ამის გამო უთანხმოებაც გაჩნდა. რეალში ბევრი ფიქრობს, რომ კურტუას შემცვლელი ანდრეი ლუნინი უნდა იყოს და ამ მოსაზრებას იზიარებს გულშემატკივართა დიდი ნაწილიც (59%), რომელთა შორის გამოკითხვა MARCA-მ ჩაატარა. ლუკა ზიდანს გამოკითხულთა მხოლოდ 17% ემხრობა, კიდევ 24%-ს კი არცერთი მოსწონს და არც მეორე.

ზინედინ ზიდანი რეალში მეორედ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა

ზინედინ ზიდანს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება მოუხდა. მამა ზიდანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად მიიღებს და თუკი მას ამის შესაძლებლობა არ ექნება, გუნდიდან სულ წავა.

"მე კლუბისთვის არ მომითხოვია მისი მეორე მეკარედ დანიშვნა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ახლა კი ეს ყველაფერი ჭორაობას ჰგავს. რაც შეეხება მეკარის საკითხს, გადაწყვეტილებას მე მივიღებ და ის გასაგები იქნება. მე მწვრთნელი ვარ და ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. თუ სიტუაცია სხვაგვარადიქნება, მე წავალ", - ამბობს ზიზუ.

კომენტარები

ბოლო ამბები