Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 125:103 ტორონტო რაპტორსი
  • იანის ანტეტოკუნმპო და კომპანია სერიას იგებენ - 2-0
  • კანადელებს ვერც კავაი ლეონარდის 31 ქულა უშველა
  • სეზონის MVP-ის ტიტულის სამი კანდიდატი ცნობილია 

ლეგენდარული ჩარლზ ბარკლი, რომელიც ამჟამად TNT-ს მიმომხილველია, დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ წელს NBA-ს ჩემპიონი მილუოკი გახდება. გამართლდება თუ არა ბარკლის წინასწარმეტყველება, მოგვიანებით გავიგებთ, ჯერჯერობით კი ბაქსს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერია ნელ-ნელა გამარჯვებისკენ მიჰყავს. მილუოკიმ საკუთად არენაზე სერიის მეორე თამაშშიც აჯობა ტორონტოს, მაგრამ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ისე გააკეთა, რომ პირველი ნახევრის შემდეგ 25 ქულას იგებდა და ანგარიშში უპირატესობა მთელი შეხვდრის განმავლობაში არ დაუთმია. 

გამარჯვებულებს იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 30 ქულა, 17 მოხსნა. ბერძენი შეუჩერებელი იყო როგორც თავის, ისე მეტოქის ფარზე.

📺 კალათბურთის ბერძენი ღმერთი

აღსანიშნავია, რომ იანისი NBA-ს 2018/19 წლების სეზონის MVP-ის ტიტულის სამ პრეტენდენტს შორის მოხვდა, რომელიც სულ ახლახან ასოციაციამ ჟურნალისტებისა და კომენტატორების დახმარებით გამოავლინა. ბერძენს მეტოქეებად ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) და პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა) ჰყავს, გამარჯვებული კი 24 ივნისს, ლოს ანჯელესში, NBA Awards-ის ცერემონიაზე გამოცხადდება.

რაც შეეხება ტორონტოსთან თამაშს, მილუოკიში კიდევ 17 ქულა ერსან ილიასოვამ ჩააგდო, 15 - ნიკოლა მიროტიჩმა, 14 - მალკოლმ ბროგდონმა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი ტორონტოს ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, რასაც 8 მოხსნა და 2 პასი მიუმატა, მაგრამ ამით თავის გუნდს ვერ უშველა. სამქულიანები არ წაუვიდა კაილ ლოურის, რომელმაც პერიმეტრიდან 9-ჯერ ისროლა და მხოლოდ 2-ჯერ ზუსტად და თამაში 15 ქულით დაასრულა. 

📺 მატჩის ტოპ 5 მომენტი

მილუოკი ბაქსი სერიას იგებს - 2-0, მომდევნო დაპირისპირება კი კანადაში 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები