Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV აგრძელებენ 2019 წლის მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. ამჯერად A ჯგუფის მესამე ბინადარსა და მსოფლიო თასის მასპინძელ იაპონიას წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

რაგბი იაპონიაში მე-19 საუკუნის ბოლოს შევიდა. თავიდან, ძირითადად, იაპონურ პორტებში ჩამომდგარი გემების უცხოელი მეზღვაურები და ასევე იაპონიაში მცხოვრები ანგლო-საქსები ერთობოდნენ, ნელ-ნელა კი თამაშმა ფეხი იაპონელებშიც მოიკიდა.

იაპონური რაგბის ისტორია 1899 წლიდან იწყება, როდესაც კემბრიჯდამთავრებულმა პროფესორებმა, ედვარდ კლარკმა და გინოსუკე ტანაკამ ეს თამაში კეიოს უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს. იაპონური რაგბი დიდი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნიდა, თუმცა ქვეყნის ნაკრები 1987 წლიდან მოყოლებული, ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა.

მსოფლიოზე პირველი გამარჯვება 1991 წელს, ზიმბაბვეს წინააღმდეგ იზეიმეს. მომდევნო მოგებამდე მთელი 24 წელიწადი მოცდა დასჭირდათ, თუმცა შეიძლება ღირდა კიდეც ეს ამად: 2015 წელს, პირველივე ტურში, ისტორიულ მატჩში სამხრეთ აფრიკა დაამარცხეს და ეს იყო მსოფლიო თასის იტორიაში პირველი შემთხვევა, როცა სამი სამხრეთული გრანდიდან ერთ-ერთი Tier 2-ის გუნდთან დამარცხდა. სხვათაშორის, იმ მსოფლიოზე იაპონელებმა 3 მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდნენ, რადგან უშუალო კონკურენტ შოტლანდიასთან დამარცხდნენ.

საკურები

​საკურა (ალუბალი) იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლოა და მას როგორც იაპონურ მითოლოგიაში, ასევე იაპონელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად შეხვდებით. საკურას ყვავილობა იაპონიაში დღესასწაულია და ამ დროს ამომავალი მზის ქვეყანას მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ეროვნული სიმბოლოს ემბლემასა თუ მეტსახელში გამოყენება რაგბში დამკვიდრებული ტრადიციაა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ იაპონელებს საკურებს ეძახიან და მათ ლოგოზეც მისი ყვავილია გამოსახული.

მსოფლიო თასი იაპონიაში

2019 წლის მსოფლიო თასი იქნება ისტორიაში პირველი, რომელიც Tier 1-ის რომელიმე ქვეყანაში არ ჩატარდება. 2015 წლის ჩემპიონატმა Wolrd Rugby-ს სარეკორდო შემოსავლები მოუტანა, თუმცა იგივეს გამეორება შეიძლება იაპონიაში გაუჭირდეთ. ამის მიზეზი მეტწილად სასაათო სარტყელში დიდი სხვაობაა. თავად განსაჯეთ, მატჩების უმეტესობა ევროპული დროით დილის 9-10 საათზე გაიმართება, არადა, ამ რეგიონში რაგბს ყველაზე მეტი მაყურებელი ყავს. თუმცა, Wolrd Rugby და მსოფლიო თასის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამ დანაკლისს აზიური ბაზრის ხარჯზე შეავსებენ.

იაპონიაში რაგბი ძალიან პოპულარულია. 2015 წლის მსოფლიოს მიმდინარეობისას, სამოა-იაპონიას დაახლოებით 20 მილიონმა იაპონელმა უყურა. უამრავი გულშემატკივარი აპირებს ჩასვლას მთელი მსოფლიოდან და ბილეთებიც თითქმის სულ გაყიდულია. ორგანიზატორები ყველა მატჩზე ანშლაგს ელოდებიან. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად არის.

მასპინძლები ყველა მონაწილეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ცდილობენ, მათი კულტურის ელემენტები საკუთარ ქვეყანას გააცნონ. კუმაგაიას სკოლის მუსიკალურმა გუნდმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

საკლუბო რაგბი

TOYOTA, Panasonic, Yamaha, Ricoh, Toshiba, Kobe Steel, Coca-cola, NTT - ეს იმ მრავალმილიარდიანი იაპონური თუ ტრანსნაციონალური კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც იაპონურ ტოპ ლიგაში სარაგბო კლუბებს ფლობენ. ალბათ ხვდებით, რომ იაპონურ რაგბში ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ დგას. უფრო მეტიც, რაგბში ექვსი და ოთხი ერის ბევრ წარმომადგენელზე მეტსაც ხარჯავენ. ამიტომაცაა, Wolrd Rugby იქ მსოფლიო თასს რომ ატარებს და იაპონურ რაგბს განვითარებაში ყველანაირად ეხმარება.

იაპონელთა შიდა ჩემპიონატში უამრავ ვარსკვლავს უთამაშია და დღესაც თამაშობს. გრეგანი, ფოქოქი, კარტერი, გიტო, სხალკ ბურხერი - ეს იმ მორაგბეების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც იაპონურ ტოპ ლიგაში უთამაშიათ ან ახლა თამაშობენ.

იაპონური გუნდები სარაგბო ვარსკვლავების გადაბირებაში უმდიდრეს ევროპულ გუნდებს ეცილებიან და ხშირ შემთხვევაში, ჯაბნიან კიდეც. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ იაპონიაში თამაში შედარებით ადვილია, რადგან კლუბებს ლეგიონერებზე კვოტა აქვთ დაწესებული და სამხრეთელ ვარსკვლავებს ევროპაში არანაკლები დონის მორაგბეებთან დაპირისპირებას და უდიდეს დატვირთვებს, პირდაპირ ვთქვათ, იაპონიაში დასვენება ურჩევნიათ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იაპონური ჩემპიონატის კალენდარი ისეა აწყობილი, რომ უმთავრეს სამხრეთულ საკლუბო ტურნირს, სუპერ რაგბს, არ ემთხვევა და სამხრეთელი ვარსკვლავები დასვენების პერიოდში არცთუ იშვიათად იაპონიაში თამაშობენ, დამატებით შემოსავლის მისაღებად.

დევიდ ფოქოქი, ჯორჯ გრეგანი, მეთ გიტო, ქორი ჯეინი

2017 წლიდან იაპონური ფრანჩიზა სანვულვზი სამხრეთული სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩაერთო, თუმცა იმთავითვე ლიგის მაჩანჩალად ჩამოყალიბდა. პირველი წლის შემდეგ სანზარმა იაპონელებს მკაცრად მოსთხოვა გუნდის გაძლიერება და ლეგიონერების დამატება. იაპონელები ასეც მოიქცნენ, რამდენიმე კარგი მორაგბეც დაიმატეს, მათ შორის ქართველი ჯაბა ბრეგვაძე (ისტორიაში პირველი ქართველი სუპერ რაგბში), თუმცა შედეგები ამით დიდად არ გაუმჯობესებულა. სანვულვზი დღემდე აუტსაიდერად რჩება და წელს, სამხრეთ აფრიკის დიდი ზეწოლის შედეგად, სანზარმა მიიღო გადაწვეტილება, რომ 2021 წლიდან სანვულვზი სუპერ რაგბში აღარ იქნება.

სათამაშო სტილი

იაპონური სათამაშო სტილი მთლიანად სწრაფ და დინამიკურ რაგბზეა აწყობილი. მაქსიმალურად ერიდებიან შერკინებებს, უსწრაფესად ასუფთავებენ რაქს და ცდილობენ, მაქსიმალურად დატოვონ ბურთი ღია თამაშში. ალბათ მიზეზიც გასაგებია - ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მათ მეტოქეებს ფიზიკაში თითქმის ყოველთვის უპირატესობა აქვთ.

თითქმის ყველა სიტუაციაში ცდილობენ ხელით თამაშს და ხშირად ახასიათებთ დასარტყამი ჯარიმის აუტში გადატანა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, 2015 წლის მსოფლიოზე, აფრიკასთან ფრეზე უარის თქმა, ბურთის აუტში გადატანა და მოსაგებად თამაში იყო. იაპონელთა მთავარი ნაკლი ისაა, რომ დაცვაში ძალიან უჭირთ დომინანტი ბოჭვების გაკეთება. ამიტომაც, ისეთი სწრაფი და ჯანიანი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც მაგალითად, ფიჯია, ძალიან უჭირთ.

ფუკუოკას ლელო უელსთან

საკვანძო მოთამაშეები

მაიკლ ლიჩი - იაპონელთა ახალზელანდიელი ლიდერი. თუმცა, 15 წლიდან იაპონიაში ცხოვრობს და იაპონური სკოლის აღზრდილია. ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი 8 ნომერია. წინა მსოფლიოზე იაპონელთა წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი.

მაიკლ ლიჩი გუნდის უდაო ლიდერია

ამანაკი მაფი - ალბათ იაპონელთა საუკეთესო მოთამაშე. წარმოშობით ტონგელია. ბურთის უძლიერესი წამღები, არაორდინალური და ტექნიკური მორაგბე. სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ მატჩში, სწორედ მისი ოფლოუდი იყო გადამწვეტი გამარჯვების ლელოს დადებისას. ახალ ზელანდიაში კრიმინალურ ისტორიაში გაეხვა და ბოლო პერიოდში კარიერა აერია.
 
შოტა ჰორიე - ქართველ მაყურებელს მისი კარგი თამაში თბილისში, 2012 წელს, იაპონელების სტუმრობისას დაამახსოვრდებოდა. მოძრავი და შეტევაში ძალიან აქტიური კვაჭია. ჯაბა ბრეგვაძის კონკურენტია სანვულვზში.
 
ფუმიაკი ტანაკა - კიდევ ერთი მორაგბე, რომელიც ქართველებს სისხლს გვიშრობს. წლების განმავლობაში აარონ სმიტის მარქაფა იყო ჰაილენდერსში. უმაღლესი დონის 9 ნომერია, თუმცა ასაკში შევიდა და ბოლო დროს ცოტა მოუკლო.
 
კოტარო მაცუშიმა - იაპონელთა საუკეთესო ბექი. ის შემტევი, სწრაფი და რისკიანია. 2016 წელს, თბილისში მოგებულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ჰესკეთის გამარჯვების ლელო სამხრეთ აფრიკასთან

მთავარი მწვრთნელი

სანამ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ჯეიმი ჯოზეფს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ავსტრალიელი ედი ჯოუნზი. იაპონური რაგბის ახალ დონეზე ასვლა და 2015 წლის უდიდესი წარმატება სწორედ მის სახელს უკავშირდება. დედით იაპონელმა ჯოუნზმა მოახერხა და მანამდე ერთი ჩვეულებრივი Tier 2-ის გუნდი Tier 1-ის დონეს მაქსიმალურად მიუახლოვა. 

ჯეიმი ჯოზეფი უმაღლესი დონის ახალზელანდიელი მწვრთნელია, რომელმაც ჰაილენდერზს სუპერ რაგბი მოაგებინა. ედი ჯოუნზის ინგლისში წასვლის შემდეგ, იაპონელებმა ის მალევე გადაიბირეს და მის ხელში საკურებს უკეთესი თუ არა, არანაკლები გუნდი ყავთ. მისი გადაწყვეტილებით, წლევანდელ სუპერ რაგბში იაპონელი მორაგბეები ფაქტიურად არ მონაწილეობენ და მთლიანად მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პროცესში არიან ჩართულები. მისი სტილი შემტევი და სწრაფი რაგბია და იაპონურ სტილსაც თითქმის იდეალურად მოერგო.

ჯეიმი ჯოზეფმა ედი ჯოუნზი შეცვალა

ლეგიონერები

ამა თუ იმ ნაკრებში ნატურალიზებული მორაგბის ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, რაც იაპონიის ნაკრებში ხდება, ეს მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. ასეთი მასობრივი ნატურალიზაცია სხვაგან არსად მომხდარა.

ყოფილა თამაშები, როცა ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ლეგიონერები შეადგენდნენ. იაპონელები არ არიან: კაპიტანი მაიკლ ლიჩი და გუნდის მთავარი ვარსკვლავი ამანაკი მაფი. რომ არა ეს უცხოელები, ნაკლებად სავარაუდოა, იაპონიას ამხელა წარმატებისთვის მიეღწია. საქმე იქამდე მივიდა, რომ მორაგბეების დამატება უკვე ახალგაზრდული ასაკიდან დაიწყეს და შარშანდელ U20 მსოფლიოს თუ გავიხსენებთ, მთავარი წამყვანი ძალა იქაც უცხოელები იყვნენ.

გზა მსოფლიოს თასზე

კენჭისყრამ იაპონელებს თითქმის იდეალური მეტოქეები და კალენდარი არგუნა. პირველი კალათიდან მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ შეხვდებოდა, ყველასთან აშკარა აუტსაიდერები იქნებოდნენ. მეორე კალათიდან შეხვდათ ყველაზე სუსტი შოტლანდია, მეოთხედან - კრიზისში მყოფი სამოა და მეხუთედან - უსუსტესი რუსეთი.

იაპონელებს მეოთხედფინალში გასვლა მყარად აქვთ გადაწყვეტილი და ამისთვის შოტლანდიას აუცილებლად უნდა მოუგონ. პლუს, 2015 წლის მარცხისთვის რევანში აქვთ ასაღები. თუკი წინა მსოფლიო თასზე დასვენებული შოტლანდია შეხვდა იაპონელებს, ამჯერად პირიქითაა - ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, საკურები მხოლოდ 3 დღით დასვენებულ შოტლანდიელებს შეერკინებიან. არ დაგვავიწყდეს მსაჯობაც. 50/50 სიტუაციებში არბიტრები, როგორც წესი, მასპინძლის მხარეს იჭერენ ხოლმე და თანაბარ თამაშში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

Tier 2-ის ქვეყნებიდან იაპონია ბორჯღალოსნების ყველაზე უხერხული მეტოქეა. ექვსი გამართული შეხვედრიდან ხუთჯერ დავმარცხდით და მხოლოდ ერთხელ ვიმარჯვეთ. მიზეზი მათ სათამაშო სტილში უნდა ვეძიოთ. სწრაფი და მოძრავი იაპონელები მაქსიმალურად ერიდებიან რაქში ბურთის შეყოვნებას, შერკინებას და ყველანაირ სტატიკურ სიტუაციას. ხოლო შედარებით მძიმე ქართველ მორაგბეებს უჭირთ მათ სტილზე აყოლა.

ერთადერთი გამარჯვება 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე დაფიქსირდა, როცა ედი ჯონზის იაპონიას თავს მთლიანად ჩვენი თამაში მოვახვიეთ, შერკინებაში სასტიკად დავჩაგრეთ და 35-24 მოვიგეთ. ყველასთვის მოულოდნელად, დავმარცხდით 2016 წელს, თბილისში, როცა ახალდანიშნულმა ჯოზეფმა გადახალისებული შემადგენლობა ჩამოიყვანა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა უხეში შეცდომების და მატჩის ბოლოს იაპონელთა ტაქტიკის მოულოდნელი ცვლილების გამო, შეხვედრა 22-28 დავთმეთ.

ბოლოჯერ იაპონიას შარშან, ტოიოტა სთედიუმზე ვეთამაშეთ და წვიმიან ამინდში მშრალად, 0-28 დავმარცხდით. სხვათა შორის, იქამდე მშრალად ბოლოს 1998 წელს, ირლანდიასთან დამარცხდით და მეორედ იგივე 20 წლის თავზე, იაპონიასთან მოვახერხეთ.

ბექა წიკლაურის ლელო იაპონიასთან

გამტაცებლები

2018 წელს, იაპონელთა ლიდერი და ერთ-ერთი იმედი, წარმოშობით ტონგელი ამანაკი მაფი უდიდეს სკანდალში გაეხვა. რებელზში მისმა თანაგუნდელმა და ბავშვობის მეგობარმა, ლოპეტი ტიმანიმ ის ცემაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და გატაცებაში დაადანაშაულა.

დანიდინში, ჰაილენდერზთან დამარცხების შემდეგ, მაფიმ ტიმანი მისი ძმის სახლში დაპატიჟა, სადაც გვიანობამდე სვამდნენ, თან შარქსი-ხაგუარესის მატჩს უყურებდნენ. როგორც ტიმანი იხსენებს, უკვე მთვრალები იყვნენ, როცა მაფის, მისი დის თანდასწრებით უხეშად მიმართა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

"ამანაკის ძმა მიჭერდა, თვითონ კი სახეში მუშტებს მირტყამდა. მე ბოდიშებს ვიხდიდი, თუმცა ის არ გაჩერებულა. ერთ მომენტში ხელიდან დასხლტომა მოვახერხე და გარეთ გავიქეცი, თუმცა ორივე ძმა გამომეკიდა, დამიჭირეს და იქვე, პარკინგზე მდგომ მანქანაში ჩამტენეს", - იხსენებს ტიმანი.

მისი თქმით, ძმები მანქანაში ჩასხდნენ და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. "სერიოზულად მეგონა, რომ მომკლავდნენ. ვფიქრობდი, თუკი მანქანა რომელიმე შუქნიშანზე გაჩერდებოდა, ამით აუცილებლად უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი". ერთ-ერთი ასეთი შეჩერებისას ტიმანი მანქანიდან გადახტა, რამდენიმე ათეული მეტრი ირბინა და იქვე, გზის პირას ბუჩქებში დაიმალა.

"დაახლოებით 20 წუთი ბუჩქებში ვიმალებოდი, მეშინოდა, უკან არ მობრუნებულიყვნენ. შემდეგ კი იმ სასტუმროში დავბრუნდი, სადაც გუნდი იყო გაჩერებული", - ასრულებს თხრობას ტიმანი.

ამ ისტორიის გახმაურებისთანავე მაფის და მისი ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო მორაგბეს ავსტრალიური რებელზიდან აბარგება მოუწია. პირველ ეტაპზე იაპონიის ნაკრებიდანაც მოკვეთეს, თუმცა საკურებისთვის ის იმხელა ძალაა, რომ ამხელა სკანდალის მიუხედავად, გუნდში მაინც აღადგინეს.

ამჟამად მაფი სანვულვზის შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა ფაქტობრივად არ უთამაშია (მხოლოდ 67 წუთი) და მთლიანად მსოფლიოსთვის მზადების პროცესშია ჩართული.

ჩვენი პროგნოზი

როგორც ზემოთ ვთქვით, მთავარი ბრძოლა იაპონიას ბოლო ტურში, შოტლანდიის წინააღმდეგ ელის. აუტსაიდერები იქნებიან ირლანდიასთან, თუმცა ამ უკანასკნელს ადვილად გამარჯვება სამყურებთან ალბათ გაუჭირდება.

იაპონელები აშკარა ფავორიტები იქნებიან რუსებთან, რომელიც ამ მსოფლიო თასის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია. ფავორიტები იქნებიან კრიზისში მყოფ სამოასთანაც, თუმცა კუნძულელები ისეთი ამოუცნობი ხალხია, მათთან 100%-იან გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია. ყველაფრის გათვალისწინებით, იაპონიის პლეი ოფში გასვლის შანსი ალბათ 40-50%-ის ფარგლებშია.

თუკი საკურები მეოთხედფინალში გავლენ, იქ უკვე სამხრეთ აფრიკა ან ახალი ზელანდია ელოდებათ და მიუხედავად კაპიტნის, მაიკლ ლიჩის მუქარისა, რომ ისინი მსოფლიო თასის ფინალში გასვლას გეგმავენ, თითქმის 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოსვლას ამ ეტაპზევე დაასრულებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები