Thumbnail

F1 2019 - როდესაც ვირტუალურს და რეალურს შორის ხაზი ქრება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • F1 2019-ს ამბიციური გეგმები აქვს
  • eSports სცენაზე საპრიზო თანხა გაორმაგდა
  • რბოლის სიმულაცია ასეთი რეალისტური არასდროს ყოფილა

Codemasters-ის ფორმულა 1-ის სიმულაციის ახალ ვერსიას ძალიან ბევრი ადამიანი ელის. თამაში გაყიდვაში 28 ივნისიდან იქნება, შესაბამისად, რბოლების მოყვარულებს დიდი ხანი აღარ მოუწევთ ლოდინი. თვის დასაწყისში, რამდენიმე პოპულარული გამოცემის ავტორებს საშუალება ჰქონდათ F1 2019 ეთამაშათ და როგორც წერენ, სიმულატორმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ტრასაზე გასვლამდე Time Trial რეჟიმი აითვისეთ

ყველამ იცის, რომ F1-ის სიმულატორები საკმაოდ რთული სათამაშოა, თუმცა დეველოპერებს ახალბედებისთვისაც აქვთ რჩევები. დანიელ გრეკო, რომელიც Codemasters-ის მთავარი დიზაინერია, პირველ რიგში გეიმერებს Time Trial რეჟიმის ცდას ურჩევს.

'დამწყებებმა Time Trial რეჟიმში მარტივი ტრასა აირჩიეთ. როდესაც შეამჩნევთ, რომ დამხმარე რეჟიმების გარეშეც კომფორტულად გრძნობთ თავს, გამორთეთ ისინი და უფრო რთულ ტრასაზე გადადით', - განაცხადა გრეკომ.

ვიზუალური კუთხით თამაში ნამდვილად განსაკუთრებულია, შესაბამისად ახალბედებს შანსი გექნებათ, სწორედ შესანიშნავ გრაფიკას დააბრალოთ ის, რომ საწყის ეტაპზე მანქანას ყოველ მეორე მოსახვევში დაამტვრევთ. 

სიმულაცია ძალიან რეალისტურია

სანამ თამაშის სხვა კომპონენტების განხილვაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ F1 2019-ის გრაფიკის შედარება მის შარშანდელ ვერსიასთან. განსხვავება უბრალოდ გამაოგნებელია.

'პირველი რაც გვინდოდა, თამაშის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება და მისი რეალობასთან მიახლოება იყო', - ამბობს დანიელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ დასახულ მიზანს მიაღწიეს - სიმულაცია განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როდესაც ტრასას სალონის ხედიდან უყურებთ.

მართვის ცენტრი

რა თქმა უნდა, ვიზუალის გარდა, თამაშის სხვა დეტალებიც გაუმჯობესებულია და მომხმარებელთა რბოლის გამოცდილება იმაზე რეალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

'ჩვენ დავაკვირდით ფიზიკას, მანქანის მართვას, ბორბლებს, იმას, თუ როგორც მუშაობს ძრავი და მუხრუჭები. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ინჟინერები, მივიღეთ ინფორმაცია F1-ის გუნდებიდან და თავად მძღოლებისგან', - ამბობს დანიელი.

მალე აღმოაჩენთ, რომ F1 2019-ის მსგავსი სიმულაციის შესწავლა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას დიდ დროს დაუთმობთ. ყოველი მოსახვევის გავლისას, უფრო და უფრო თავდაჯერებული გახდებით და თითოეული ავარია სასარგებლო გამოცდილებას მოგცემთ.

ვირტუალური თუ რეალური?

როდესაც Time Trial-ებს კარგად გაუმკლავდებით, შეგეძლებათ Formula 2-ში დაიწყოთ ასპარეზობა, რომელიც, დანიელის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა.

'ბედნიერი ვარ, რომ წლევანდელ სიმულატორს F2 დაემატა. Formula 2-ში ავტომობილის მართვა ბევრად რთულია, რადგან განსხვავებით F1-სგან, F2-ში არ არის საჭის გამაძლიერებელი'.

გამოცდილება ნამდვილად უნიკალურია და გეიმერებს თამაშის დეტალების ათვისებაში ეხმარება. 

F1 2019-ის მთავარი რეჟიმი მაინც 'რაივალსია', რომელშიც ავტორბოლის ლეგენდებითაც შეგიძლიათ ასპარეზობა. აირტონ სენა და ალან პროსტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად რბოლის სიმულატორში.

ორი ლეგენდა

ელექტრონული სპორტის სცენა სწრაფი ტემპებით იზრდება, რასაც Codemasters-მაც აუწყო ფეხი.

'eSports სცენა იზრდება და იზრდება, შესაბამისად ჩვენ არ გვსურდა პროცესებს ჩამოვრჩენოდით. წელს F1 eSports-ს სცენაზე 500,000 ევროს ოდენობის საპრიზო ფონდი იქნება. ყველაფერი ონლაინ რბოლებით დაიწყება, ხოლო საუკეთესო მოთამაშეები კი ღონისძიებებზე ივლიან და საპრიზო თანხას დაეუფლებიან', - თქვა დანიელმა.

F1 2019 ხელმისაწვდომი 28 ივნისიდან იქნება, ხოლო Legends Version-ის მსურველები თამაშს ხელში 25 ივნისს ჩაიგდებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები