Thumbnail

დელ პიეროს ერთი ზარით შეცვლილი კარიერა - ანდრეა ბარძალის ბოლო თამაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს
  • ალიანს სთედიუმზე ბოლო მატჩს იგი კვირას, ატალანტასთან ითამაშებს
  • ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი მცველის ტურინული თავგადასავალი სრულდება

ეს იყო 2011 წლის ივლისში, ანდრეა ბარძალი მეგობრებთან ერთად იტალიის სამხრეთში ისვენებდა. უფრო სწორად ცდილობდა მძიმე ფიქრები აერიდებინა თავიდან - ბარძალი 30 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლას გეგმავდა. ზედმეტად დეპრესიული გამოდგა მისთვის გერმანიაში, ვოლფსბურგში, გატარებული სამი წელი. თუ ვინმე ვოლფსბურგში ხართ ნამყოფი, დამეთანხმებით, რომ თუ გინდა, იტალიელს სიცოცხლის ხალისი გაუქრო, ის ინდუსტრიულ ვოლფსბურგში უნდა გაუშვა საცხოვრებლად.

როცა მისმა ტელეფონმა დარეკა, ბარძალიმ არ უპასუხა - ჩათვალა, რომ გერმანიიდან ურეკავდნენ, გუნდი შეკრებას იწყებდა, ბარძალი კი, როგორც აღვნიშნე, იქ დამბრუნებელი არ იყო. გვიან საღამოს, როცა ზღვიდან სახლში დაბრუნდა, ტელეფონი შეამოწმა და იძულებული იყო მაშინვე გადაერეკა. იმიტომ, რომ შეუძლებელია არ გადაურეკო, როცა ალექს დელ პიერო გირეკავდა.

ბარძალის პასუხი პირველივე მარტივ კითხვაზე -„როგორ ხარ“ (come stai), დეპრესიული იყო - „არა ისე, როგორც ბერლინში, 9 ივლისს.“

2006 წლის შემდეგ სიტყვა „ბერლინს“ იტალიელებისთვის მაგიური მნიშვნელობა აქვს - ეს ყველაზე ბედნიერი ქალაქია, ადგილი, სადაც ოცნებები ხდება. „ჩემოდნები ჩაალაგე, ბერლინში მივდივართ, ბეპე“ - ასე უღრიალებდა დორტმუნდში გერმანიასთან ნახევარფინალური მატჩის კომენტატორი ფაბიო კარეზა თავისივე კოლეგას, ბეპე ბერგომის, მატჩის ბოლო წამებზე - გროსოს და დელ პიეროს გოლების შემდეგ.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებს იტალიაში მოკლედ „ბერლინის გმირებს -gli eroi di Berlino” უწოდებენ, „ბერლინში მივდივართ -andiamo a Berlino” კი, იტალიელებისთვის ოცნების ახდენის სინონიმია. ბარძალის პასუხიც ამას ნიშნავდა - ის იმ მომენტში ყველაზე შორს იყო ოცნებებისა და იმ ჯადოქრობებისგან, რომლითაც 2006 წლის იტალიის საჩემპიონო ისტორია იყო მოცული.

ასე ეგონა ბარძალის, თუმცა დელ პიერო სწორედ მაგიური ამბით რეკავდა - იუვენტუსის ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ბონუჩი-კიელინის შემცვლელად ახალი მცველი სჭირდებოდა და მანაც არჩევანი ბარძალიზე შეაჩერა. მაგიურია  ამბავი, როდესაც რონდინელას, პიაჩენცას, პისტოიეზეს, ასკოლის, კიევოს, პალერმოს და ვოლფსბურგის შემდეგ 30 წლის ასაკში, ყველასგან ჩამოწერილს, იუვენტუსში გეძახიან.

ბარძალიმ თავიდან იუარა, შეეშინდა, რომ ფორმაში არ იყო და იუვეს დონეზე, თუნდაც მეშვიდეადგილოსანი იუვეს დონეზე, თამაშს, ვერ შეძლებდა. თუმცა, რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, დათანხმდა -  ალექს დელ პიეროს უარს არ ეუბნებიან. ასე დაიწყო, ანდრია ბარძალიმ თავისი ახალი საფეხბურთო ცხოვრება, დაიწყო მაშინ, როცა, ჩვეულებრივ, კარიერას ამთავრებენ ხოლმე.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბარძალისთან დელ პიეროს ზარის ისტორია ძალიან მიყვარს.

მახსოვს ისიც, როგორც შეიქმნა ახლა უკვე ლეგენდად ქცეული BBC - ბარძალი, ბონუჩი, კიელინის ტრიო - დაცვის სამეული, რომელიც იტალიის ნაციონალურ სიამაყედ იქცა. კონტეს იუვე მასზე ბევრად უფრო ძლიერ მილანთან საჩემპიონო რბოლაში იყო ჩაბმული, სულ 1 ქულას ასწრებდა და ტურინში ინტერი ჩავიდა. ინტერის მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ იუვეს 4-5-1-ს სამი ცენტრალური მცველი და 3-5-2 სისტემა დაუპირისპირა. პირველ ტაიმში, აუცილებლად მოსაგებ თამაშში, იუვემ ინტერს ვერაფერი უქნა. მეორე ტაიმში კონტემ თამაში გადააწყო, თვითონაც სამ მცველზე გადავიდა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბარძალი, ბონუჩი, კიელინის ტრიომ ერთად ითამაშა. იუვემ თამაშზე კონტროლი დაამყარა - ჯერ მარტინ კასერესმა შეაგდო, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა დელ პიერომ .

ამ გოლში ყველაზე მეტად კომენტატორის ხმა მიყვარს, ყველას რომ გვეუბნება, რომ დელ პიერო ის კაცია, ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში, რომ ჩნდება. სიმბოლურია, რომ ბარძალი პირველი იყო, ვინც დელ პიეროს ეს გოლი მიულოცა - მისი პირველი გოლი ჩემპიონატში იუვეს ახალ სტადიონზე.

სწორედ ამ მომენტში და ამ თამაშში დაიბადა, კონტეს სამმცველიანი ტაქტიკა - ბარძალი ისე თამაშობდა, რომ მისი სკამზე დასმა შეუძლებელი იყო. აქედან დაიწყო იუვეს 8-ჯერ ჩემპიონობის ისტორია. იუვე სწორედ  BBC-ს ტრიოზე იდგა - ეს იყო გუნდის ფუნდამენტი.

ამ წლებში ბარძალი ყველაზე სრულყოფილი მცველი იყო, რომელიც კი მინახავს (სულ მცირე ბოლო 10 წელში) - მას არც სერხიო რამოსის ქარიზმა ჰქონდა, არც ლეო ბონუჩივით იწყებდა შეტევებს და არც ჯორჯო კიელინივით გამოირჩეოდა ფენომენალური ფიზიკური ძალით, თუმცა ეს იყო მცველი სუსტი წერტილის გარეშე - ყველაზე სტაბილური, უშეცდომო და ალბათ საუკეთესო ვინც კი ერთი-ერთზე თამაშში მინახავს. ჩემთვის როცა ფეხბურთზე ვინმეს ველაპარაკები, ბარძალისადმი დამოკიდებულება თანამოსაუბრის საფეხბურთო IQ განმსაზღვრელია - ისეთი მოთამაშეა, ფეხბურთს შორიდან თუ უყურებ თვალში არ გხვდება, თუმცა თუ ეს თამაში ცოტა მეტად გიყვარს და იცი, ერთ თამაშში ხვდები, რომ ძალიან მაგარ მცველს უყურებ.

ყველაზე კარგად ის 2016 წელს, თავისივე დაბადების დღეზე თავად მისმა კლუბმა დაახასიათა:

Positioning: like a radar. Shoulder to shoulder: immovable. Tactical knowledge: genius. Happy Birthday, Andrea! 🎉

Posted by Juventus on შაბათი, 07 მაისი, 2016

კვირას ის ბოლოჯერ გავა იუვენტუსის სტადიონზე, გავა უკვე კლუბის ლეგენდის და 8-გზის ჩემპიონის რანგში.

კომენტარები

ბოლო ამბები