Thumbnail
  • ჯამპიერო ვენტურა იტალიის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის
  • ფედერაციის პრეზიდენტი ტავეკიო გადადგომას არ აპირებს
  • აძურის თავკაცის პოსტზე ფავორიტი კარლო ანჩელოტია

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საფეხბურთო იტალია ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოს გადადგომასაც ითხოვს, მაგრამ 71 წლის ფუნქციონერი წასვლას არ აპირებს. იტალიელ ფეხბურთელთა გაერთიანების პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ განაცხადა, რომ ტავეკიო გადადგომაზე არ ფიქრობს.

იტალია კარლო ანჩელოტის პასუხს ელოდება

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის მხოლოდ ვენტურას გადადგომა არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გადადგეს ტავეკიოც, რადგან პრეზიდენტის შეცვლის გარეშე თავიდან ვერაფერს დავიწყებთ,” - აცხადებს ტომაზი.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა ვენტურას კარლო ანჩელოტი, ტომაზიმ ასეთი პასუხი გასცა: “ჯერ ეს არ არის მთავარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტიც უნდა გადადგეს.”

თუმცა ყველამ იცის, რომ იტალიის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობაზე ტოპ-ფავორიტი სწორედ ანჩელოტია, რომელიც ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნიდან გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია. განიხილება ანტონიო კონტეს კანდიდატურაც. გავრცელებული ცნობების თანახმად, ანჩელოტის ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელებიც ესაუბრებიან და თუ დაითანხმეს, ამ შემთხვევაში იტალიის ნაკრებს სწორედ კონტე ჩაიბარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები