Thumbnail

ნიკ კირიოსის დებოში რომის მასტერსზე - ჩოგანი დაახეთქა, სკამი მოისროლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ავსტრალიელი ჩოგბურთელი რომის მასტერსს მეორე წრიდან სკანდალით დაემშვიდობა
  • კირიოსმა ჯერ ჩოგანი დაანარცხა, შემდეგ კი კორტზე სკამი ისროლა და მოედანი დატოვა
  • ჩოგბურთელი 20 ათასი ევროთი უკვე დააჯარიმეს, ინციდენტზე ATP-შიც იმსჯელებენ

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი მორიგი იდიოზური გამოხდომით რომის მასტერსზე გამოირჩა. 24 წლის ჩოგბურთელმა დისკვალიფიკაცია ტურნირის მეორე წრის მატჩში, ნორვეგიელ კასპერ რუუდთან შეხვედრაში მიიღო, რომელიც მესამე სეტში, მისი ემოციური ქცევის გამო შეწყდა. 

პირველი წაგებული სეტის შემდეგ, ავსტრალიელმა მეორე ტაი-ბრეიკზე მოიგო, მესამეში კი, როდესაც საკუთარი მოწოდება წააგო, გამწარებულმა ჩოგანი კორტზე დაახეთქა. ამას არასპორტულ საქციელზე მესამე გაფრთხილება და გეიმის წაგება მოჰყვა. ნიკ კირიოსმა, რომელიც თავშეკავებულობითა და დისციპლინით ისედაც არ გამოირჩევა, წონასწორობა სულ დაკარგა - იგინებოდა, ტრიბუნაზე ვიღაცას სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სკამს ხელი წამოავლო და კორტზე მოისროლა. 

მსაჯმა სუპერვაიზერს უხმო, რათა კირიოსი თამაშიდან მოეხსნა (რეგლამენტის თანახმად, დისკალიფიკაციის გადაწყვეტილება სუპერვაიზერთან კონსულტაციით მიიღება), მაგრამ ამ დროისთვის ავსტრალიელ ჩოგბურთელს თავისი ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა. ნიკ კირიოსმა მოედანი დატოვა.

"დატვირთული დღე მქონდა, მეტი რომ არაფერი ვთქვა. ემოციებმა ამიტანა. ატმოსფერო უბრალოდ არანორმალური იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ჩემი დისკვალიფიკაციით დასრულდა. ბოდიში რომს. შესაძლოა, კიდევაც შევხვდეთ", - აქვეყნებს ავსტრალიელი ჩოგბურთელის სიტყვებს FOX Sports.

ჩოგბურთელი დისკვალიფიკაციის გამო ჯამში 20 000 ევროთი უკვე დაჯარიმდა - პირველი გაფრთხილებისთვის 5000 ევროთი, ხოლო მომდევნო ორისთვის - 7500-7500 ევროთი. ამასთან, კირიოსი არც საპრიზო თანხას მიიღებს, არც სარეიტინგო ქულებს და სასტუმროს ხარჯსაც თავად აანაზღაურებს. ATP ინციდენტს ცალკე შეისწავლის და შესაძლოა, ჩოგბურთელს სასჯელი კიდევ დაუმძიმდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები