Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი - პორტლენდი 114:111
  • სერიაში ანგარიში 2:0 გახდა, მომდევნო ორი შეხვედრა პორტლენდშია

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას ლიგის მოქმედი ჩემპიონი ზედმეტი კითხვების გარეშე იგებს. გოლდენ სტეიტმა პორტლენდს ზედიზედ მეორე შეხვედრაში სძლია. სძლია კვლავ კევინ დურანტის გარეშე და სტეფ კარის ფენომენალური თამაშის წყალობით. 

თამაშის ისტორიაში საუკეთესო მსროლელმა ამ ჯერზე 37 ქულა ჩააგდო (36 პირველ მატჩში), 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. "სტეფი თამაშობდა ისე როგორც ადრე, დურანტის გუნდში მოსვლამდე!" - დატვიტა მატჩის შემდეგ მეჯიქ ჯონსონმა.

"ჩვენ ეს თამაში მოვიპარეთ. ვფიქრობ მთელი ღამის განმავლობაში გვჯობდნენ, უკეთესი გუნდი იყვნენ. საბოლოოდ კონკურენციის გაწევა მაინც მოვახერხეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ." - თქვა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა.

სტივ კერის გუნდისთვის ორაკლ არენაზე პორტლენდისთვის მეორე თამაშის მოგება იმაზე უფრო რთულად მოსაგები აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. უორიორზმა მეტოქეს მესამე მეოთხედში 17 ქულიანი ჰანდიკაპი გაუბათილა, შემდეგ კი 8 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. სტეფთან ერთად შედეგიანი მატჩი ჩაატარა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

პორტლენდის შემადგენლობაში როგორც ყოველთვის ყველას დემიენ ლილარდი სჯობდა. 23 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა. 22 ქულა სი ჯეი მაკოლუმმა ჩააგდო, 16 ქულით დაასრულა მატჩი სტეფ კარის ძმამ, სეტ კარიმ.

შეხვედრის მთავარი ეპიზოდი საფინალო ზარამდე 4 წამით ადრე დაფიქსირდა. თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის მცდელობა ლილარდს ჰქონდა, რომელსაც ანდრე იგუადალამ აართვა ბურთი და კიდევ ერთი ბაზერის სროლის საშუალება არ მისცა.

ფინალების მოქმედი MVP-ს გარეშეც გოლდენ სტეიტი ასოციაციის საუკეთესო საკალათბურთო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მომდევნო ორ შეხვედრას პორტლენდის მოდა ცენტრი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები