Thumbnail

ბაქომდე შორია? ლონდონის არსენალი ევროპალიგის ფინალის ადგილს იწუნებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონში არ მოსწონთ, რომ ევროპალიგის ფინალი ბაქოში უნდა გაიმართოს
  • მეთოფეებმა თავიანთ საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით უეფას მიმართეს

ევროპალიგის ფინალი წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება. 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ლონდონური კლუბები: არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან. 

მეტი ამ თემაზე: მხითარიანს ბაქოში შეუშვებენ? უეფა სომეხ ფეხბურთელს გარანტიას აძლევს

ევროპის რანგით მეორე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის ჩვენს მეზობლად გამართვის იდეას ბევრი არ იწონებს, ლონდონის არსენალმა კი თავის ოფიციალურ საიტზე სულაც განცხადება გაავრცელა, სადაც უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

"არსენალში ყველა გახარებული ვართ ევროპალიგის ფინალში გასვლით და მოუთმენლად ველით ჩელსისთან მატჩს. მაგრამ ამავდროულად, ძალიან იმედგაცრუებული ვართ იმ ფაქტით, რომ სატრანსპორტო შეზღუდვების მიზეზით, უეფას არსენალისთვის მაქსიმუმ 6 ათასი ბილეთის გამოყოფა შეუძლია სტადიონზე, რომელიც 60 ათასზე მეტ ქომაგს იტევს. დრო აჩვენებს, შეძლებს თუ არა თამაშზე დასწრებას ის 6 ათასი გულშემატკივარიც იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ რთულია იქამდე ჩაღწევა.
 
ჩვენ აბონემენტის 45 ათასი მფლობელი გვყავს და გულშემატკივართა ასეთი რაოდენობისთვის მატჩის იმ მიზეზით გამოტოვება, რომ უეფამ ფინალისთვის, სატრანსპორტო შესაძლებლობების თვალსაზრისით, ასეთი შეზღუდული ადგილი შეარჩია, უბრალოდ გაუმართლებელია. რეალობა ისეთია, რომ ვინც არ უნდა მოხვდეს ფინალში, თავისი ქომაგის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

ამის გამო ჩვენი გულშემატკივრებისგან უამრავი საჩივარი მივიღეთ და სრულებით ვიზიარებთ მათ წუხილს. მათი სახელით გვსურს, გავერკვეთ ფინალების გამართვის ადგილების შერჩევის კრიტერიუმებში და ასევე იმაში, რამდენად ხდება გულშემატკივართა მოთხოვნის გათვალისწინება. 

მოვუწოდებთ უეფას, რომ ლოჯისტიკა და ქომაგის მოთხოვნა საკვანძო გახადოს ფინალების ადგილის შერჩევის დროს გადაწყვეტილების მიღებისას. ის, რაც ამ სეზონში მოხდა, მიუღებელია და აღარ უნდა გამეორდეს. მომავალში სიხარულით შევუერთდებით ნებისმიერ დისკუსიას, რათა ასეთი ვითარების გამეორება თავიდან ავირიდოთ" , - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ფინალის ბაქოში გამართვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც გააკრიტიკა.

კომენტარები

ბოლო ამბები