Thumbnail
  • 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სარაგოსაში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
  • სარაგოსა 22-გუნდიან სეგუნდაში 27 ქულით მე-16 ადგილზეა. 
  • გიორგის მთავარ პრობლემად ესპანეთში ენის შესწავლა რჩება...

ესპანური სარაგოსას ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თავდაპირველად გიორგიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ესპანურად ჯერ კიდევ ვერ საუბრობს და თარჯიმანი სჭირდება:

“პირველ რიგში, მსურს ბოდიში მოგიხადოთ, რომ ესპანურად ვერ ვსაუბრობ. პირველ პრესკონფერენციაზე შეგპირდით, რომ მომდევნო შეხვედრაზე ესპანურად ვისაუბრებდი… ცოტა გამირთულდა ენის შესწავლა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ესპანურს არ ვეუფლები. ახლა სწავლის პროცესში ვარ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებ ინტერვიუს დროს ესპანურად საუბარს”.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს ჰკითხეს, როგორ გრძნობს თავს თავდასხმის ხაზში, სადაც ბოლო დროს თამაშობს.

“თავდასხმის ხაზში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ გუნდს სადაც დასჭირდება, მზად ვარ იქ ვითამაშო. ამჯერად წვრთნელს ასე დასჭირდა, ამ პოციზიაზე მომიხდა გარჯა და რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ”.

გიორგი პაპუნაშვილმა გრანადასთან თავდასხმის ხაზში ითამაშა

პაპუნაშვილს სარაგოსას არცთუ სახარბიელო მდგომაროებაზე, გუნდში არსებულ განწყობასა და მომდევნო თამაშზეც ჰკითხეს, რომელსაც 27 იანვარს, შინ კორდობასთან ჩაატარებენ: 

“ჩვენთვის, როგორც ყველა თამაში, მოახლოებული შეხვედრაც მნიშვნელოვანია და თითოეული ფეხბურთელი მობილიზებულია, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.

სარაგოსას დღევანდელი პოზიცია არავის მოსწონს და რა თქმა უნდა, ის მიუღებელია. გუნდი ერთიანია, არის მობილიზებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წამყვანი პოზიცია დაიკავოს. ყველა ერთად ვართ. რაც მთავარია, გუნდში არსებული ატმოსფერო მახარებს და მჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებებისთვის”.

გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზე 2017/18 წლების სეზონის 15 მატჩში 1 გოლია

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ ძლევს გიორგი ენის ბაიერს გუნდში, გაუჭირდა თუ არა ადაპტაცია ესპანეთში და რა განსხვავებაა საქართველოსა და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის.

“ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ თანაგუნდელები მეხმარებიან. არ მიჭირს, თანაც, რამდენიმემ იცის კიდეც ინგლისური. ამ მხრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა.

რაც შეეხება ჩემპიონატებს, განსხვავება, რა თქმა უნდა, დიდია. პირველ რიგში, ეს ეხება ფიზიკურ მომზადებასა და პირველობის დონეს. 

ადაპტაციის პრობლემა გერმანიაში მქონდა, ესპანეთში კი საერთოდ არ მაქვს. აქ ყველაფერი კარგადაა - გუნდშიც და ქალაქშიც თავს ისე ვგრნობ, როგორც საკუთარ სახლში. ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მეხმარება იმაში, რომ უფრო მობიზილებული და კონცენტრირებული ვიყო". 
 
ბოლოს გიორგიმ თავის შესაძლებლობებსა და პროგრესზეც ილაპარაკა: 

“უფრო მეტის მიცემა შემიძლია სარაგოსასთვის. ამ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ, წინ სრული სვლით!”.

კომენტარები

ბოლო ამბები