Thumbnail

‘ახლები უნდა ვიპოვოთ!’ - ტენ ჰაგი აიაქსიდან წასვლაზე არ ფიქრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ აიაქსიდან წასვლაზე არ ფიქრობს
  • მის დანიშვნაზე რამდენიმე გრანდში დაფიქრდნენ

აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ჰოლანდიაში დუბლი შეასრულა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გრანდიოზული სეზონი ჰქონდა.

კითხვაზე, კონკრეტული შეთავაზების შემთხვევაში, დატოვებს თუ არა აიაქსს და გადავა თუ არა რომელიმე ევროპულ გრანდში, ამსტერდამული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა, ჰოლანდიის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ასე უპასუხა: “არა მგონია.”

'ეს არის გუნდი, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ. ამ გუნდზე 20 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ!'

ბოლო დროს, ევროპული სპორტული მედია 49 წლის ტენ ჰაგის ბედს რამდენიმე ტოპ-კლუბს უკავშირებდა - მათ შორის, მიუნხენის ბაიერნს, ბარსელონას და ჩელსის.

“მე ყოველთვის ასე ვფიქრობ: სადაც ვიქნები, მინდა, რომ მშვიდად მუშაობა შემეძლოს. ისეთ კლუბში მსურს მუშაობა, სადაც ჩემი და კლუბის ფილოსოფიები ერთმანეთს ემთხვევა. აუცილებელია, რომ ვენდობოდე იმ ხალხს, ვისთანაც ვმუშაობ. ცხოვრებაში ადამიანმა არასდროს არაფერი უნდა გამორიცხოს, მაგრამ აიაქსში ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლაზე არც მიფიქრია,” - დასძინა ტენ ჰაგმა, რომელსაც ჰოლანდიურ გრანდში კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. 

აიაქსმა ჩემპიონთა ლიგაში ტოტენჰემთან დრამატული მარცხისა და ჰოლანდიის თასის მოგების შემდეგ, ქვეყნის 34-ე ჩემპიონობა გრააფსხაპთან მოგებით ოფიციალურად გაინაღდა. “ეს არის გუნდი, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ. ამ გუნდზე 20 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ,” - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

მწვრთნელი რჩება, კლუბს კი წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ფრენკი დე იონგი ბარსელონაში მიდის. დიდი ალბათობით ასევე ბარსაში აღმოჩნდება მატეის დე ლიხტიც - მისი წასვლაც გადაწყვეტილია. დავიდ ნერეშს, ჰაკიმ ზიეხსა და დონი ვან დე ბეეკსაც ბევრი მსურველი ჰყავთ - ამ უკანასკნელის გადაბირებისთვის ყველაზე მეტად დორტმუნდის ბორუსია იბრძვის.

“ვიცით, რომ ფეხბურთელები დაგვტოვებენ, მაგრამ ამას შეგუებულები ვართ. ახლები უნდა ვიპოვოთ,” - ესეც ტენ ჰაგის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები