Thumbnail

'მაშინ გენტში დარჩენაც აღარ მინდა' - გიორგი ქვილითაიას თამაში სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 25 წლის ფეხბურთელი ბელგიურ გუნდში მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა 
  • ფორვარდი სეზონის დასრულების შემდეგ გენტის მწვრთნელთან საუბარს აპირებს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას კარიერა გენტში წარმატებული ვერ გამოვიდა, რისი მიზეზიც უპირველესად ტრავმებია. გიორგიმ ბელგიურ გუნდის ღირსება ჩემპიონატის სულ 9 მატჩში დაიცვა (მხოლოდ ერთხელ იყო სასტარტოში), გაიტანა 3 გოლი და შეასრულა ერთი საგოლე პასი. ფორვარდი სათამაშო დროით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა. 

გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უსრულდება, თუმცა, ცენტრფორვარდი კლუბის შეცვლას ახლო მომავალში არ გამორიცხავს, თუკი იეს ტორუპისგან მეტ ნდობას ვერც მომავალში დაიმსახურებს.

"შემიძლია ბურთი დაჭერაც, პასის გაკეთებაც, მაგრამ განსაკუთრებით გოლების გატანა მიყვარს. კარგად ვთამაშობ თუ ცუდად, მნიშვნელობა არ აქვს - როდესაც ვერ ვიტან, ბედნიერი არ ვარ", - ამბობს ქვილითაია ბელგიურ მედიასთან.

ქვილითაია გენტის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად იცავს

გენტს ბელგიის ჟუპილერ ლიგაში, სადაც საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობს, ორი თამაში აქვს დარჩენილი - 15 მაისს ანტვერპენს ესტუმრება, 19 მაისს კი სეზონს ანდერლეხტთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს. 

"აქ ბედნიერი ვარ. წელიწადი რთული გამოვიდა, სეზონი ტრავმებით დავიწყე, შემდეგ ისევ ახალი ტრავმა მივიღე… ძნელი იყო ტრამვების შემდეგ დაბრუნება, მაგრამ შანსი მეტად რომ მომცემოდა, მგონია, რომ გუნდისთვის მეტს შევძლებდი. ვფიქრობ, გაცილებით მეტი შემიძლია.

მაგრამ წასვლა ნამდილად არ მსურს. სეზონის დასრულების შემდეგ დაველაპარაკები მწვრთნელს და მის შტაბს. თუკი შანსი არც მომავალ სეზონში მომეცემა, მაშინ გენტში დარჩენაც აღარ მინდა. თამაში მსურს და ამაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიზრუნებ, ახლა კი მხოლოდ დარჩენილ ორ თამაშზე ვფიქრობ", - აცხადებს გიორგი.

გიორგი ქვილითაია სეზონი წარმატებული ტრამვების გამო არ გამოუვიდა

გიორგი ქვილითაია გენტში გასულ ზაფხულს, ვენის რაპიდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ გადავიდა. ცენტრფორვარდს სამშობლოში თბილისის დინამოსა და გორის დილაში უთამაშია, საზღვარგარეთ კი - რუმინულ დიორშიც. 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 4 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები