Thumbnail

NBA | ლოპესმა და იანისმა მილუოკის მოაგებინეს, ტორონტომ შეცდომებზე უნდა ისწავლოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიაც დაიწყო
  • მილუოკიმ ტორონტოს პირველი თამაში 108:100 მოუგო
  • ბაქსიდან საუკეთესო ბრუკ ლოპესი იყო

მილუოკი ბაქსმა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩი მოიგო. იანის ანტეტოკუნმპომ და კომპანიამ ტორონტო რეპტორსი პირველ შეხვედრაში 108:100 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

თუმცა მილუოკის ეს თამაში ადვილად არ მოუგია - ბაქსმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ შეხვედრის ბოლო ფაზაში შეძლო. “ჩემმა ბიჭებმა დღეს ძალიან მაგრად იბრძოლეს და ეს ყველაზე მეტად მახარებს,” - განაცხადა მილუოკის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა.

აღსანიშნავია, რომ ბაქსიდან ყველაზე მეტი ქულა არა Greek Freak-მა, არამედ ცენტრმა ბრუკ ლოპესმა დააგროვა - მას ჯამში 29 ქულა ჰქონდა და აქედან 13 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. გარდა ამისა, ლოპესმა 11 მოხსნაც გააკეთა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლი ჰქონდა იანისსაც - 24 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი.

გარდა ლოპესის კარგი თამაშისა, მილუოკიმ იმითაც ისარგებლა, რომ ბოლო მეოთხედში ტორონტოდან რეალურად მხოლოდ კაილ ლოური თამაშობდა. მან საბოლოო ჯამში 30 ქულა დააგროვა, რაც პლეი ოფში მისი საუკეთესო შედეგია (პლუს 8 მოხსნა). კავაი ლეონარდი 31 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

“ბოლო მეოთხედმა მოგვკლა. მილუოკიმ სწორედ მეოთხე პერიოდში შეძლო ჩვენი დამარცხება. უფრო აგრესიულები გახდნენ და მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს. რა თქმა უნდა, ასე წაგება ნერვების მომშლელია, მაგრამ ჩვენი შანსი გვქონდა და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ,” - განაცხადა ლოურიმ მატჩის შემდეგ.

მეორე მატჩი 18 მაისს, გამთენიისას, ისევ მილუოკიში გაიმართება.

📺 ვიდეო: მილუოკი 108:100 ტორონტო (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • მილუოკი
  • ტორონტო
  • გოლდენ სტეიტი
  • პორტლენდი

კომენტარები

ბოლო ამბები