Thumbnail

გმირული კალათბურთის ბოლო რაინდი - რატომ ვერ იგებს ვესტბრუკი?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

რასელ ვესტბრუკის გულშემატკივრობა ძალიან თავისებური ამბავია. ერთი მხრივ, ეს ის კაცია, რომლის გამოც კალათბურთი გვიყვარს - კაცი, რომელიც ყოველ საღამოს პარკეტზე საომრად გამოდის და ამ ომში მთელ თავის გულს, ემოციას და ენერგიას დებს. თუკი ერთხელ მაინც გინახავს ვესტბრუკი მის საუკეთესო თამაშებში, არასოდეს დაგავიწყდება - შეშლილი სახით, ვულკანური ენერგიით და რაღაც კობი-ჯორდანისეული სიძულვილით ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემოა. მისი ჩატენვაც რაღაც აგრესიის ზეიმია, ჩემთვის ახალგაზრდა მაიკ ტაისონის დარტყმას ჰგავს - ატყობ, რომ ეს შედეგისთვის კი არ კეთდება, არამედ ამ დარტყმით თუ ჩატენვით, იმ ემოციას, მეტოქის განადგურების იმ სურვილს გამოხატავს, რომელიც მასშია. მოკლედ, რასელ ვესტბრუკი ე.წ. გმირული კალათბურთის, Hero Ball-ის ალბათ უკანასკნელი წარმომადგენელია.

მეორე მხრივ, ვესტბრუკი უკვე 11 წელია ლიგაში და ამ პერიოდის განმავლობაში, მის ანგარიშზე ერთადერთი ფინალია და ისიც წაგებული, 2012 წელს მაიამისთან. არადა თავისი კარიერის თითქმის ნახევარი კევინ დურანტთან და ჯეიმს ჰარდენთან ერთად, ერთ გუნდში აქვს გატარებული, ბოლო ორი სეზონია პოლ ჯორჯთან ერთად თამაშობს. მოკლედ გუნდში არ გაუმართლაო, ვერ იტყვი.

სტატისტიკა, რომელიც ჯიუტია

რასელ ვესტბრუკი კარიერის იმ ეტაპზეა, როდესაც მისგან ჩემპიონობას ნაკლებად ელიან. დასავლეთ კონფერენციაში ბოლო 5 წელია, გოლდენ სტეიტი უპირობოდ დომინირებს, იქვეა ჰიუსტონი ჯეიმს ჰარდენით და თავისი შეტევის უნიკალური სისტემით. ვესტბრუკის ოკლაჰომას გოლდენ სტეიტთან ან თუნდაც ჰიუსტონთან რომ წაეგო, არავინ დააყვედრიდა, თუმცა ბოლო სამი წელია, ოკლაჰომა ზედიზედ ვარდება პირველ რაუნდში. დურანტის წასვლის შემდეგ, ოკლაჰომას პლეი ოფში 5 მატჩი აქვს მოგებული, 12 კი - წაგებული.

ოკლაჰომას მოგება-წაგების მაჩვენებელი პლეი ოფში

დურანტთან ერთად, მუდამ იყო იმის განცდა, რომ ოკლაჰომას ბევრად მეტი შეეძლო. ორჯერ (2013, 2015) ეს გუნდი ლიდერების ტრავმებმა შეიწირა, 2012-ში ფინალში მაიამისთან დამარცხდნენ, 2014-ში კონფერენციის ფინალში - სან ანტონიოსთან, 2016 წელს კი გოლდენ სტეიტს სერიას 3-1-ს უგებდნენ და მეექვსე, საშინაო თამაშში ბოლო მეოთხედის წინ, 10 ქულაზე მეტით წინ იყვნენ, თუმცა მაინც წააგეს. დურანტთან ერთად, ოკლაჰომას თითქოს სულ 1 ნაბიჯი აკლდებოდა, ხოლო დურანტის წასვლის შემდეგ კი, პირველ რაუნდში მარცხი კანონზომიერებად იქცა.

2 წლის წინ, ოკლაჰომა ჯერ კიდევ ნაკლებად ძლიერ ჰიუსტონთან დამარცხდა, გასულ სეზონში დონოვან მიტჩელის იუტამ გააგდო, წელს კი ყველაზე დასანანი მარცხი გამოვიდა. მაშინ, როდესაც გოლდენ სტეიტი და ჰიუსტონი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, ვესტბრუკის ოკლაჰომას თითქოს იოლი გზა ჰქონდა კონფერენციის ფინალამდე. თუმცა, დემიენ ლილარდის პორტლენდმა ოკლაჰომა პირველ რაუნდშივე გამოაგდო. ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ვესტბრუკი მისივე კალათბურთში დამარცხდა. პორტლენდის დემიენ ლილარდმა ვესტბრუკს Hero Ball-ი მოუგო. ეს არ იყო მარცხი სისტემასთან - ეს რასელ ვესტბრუკის პირადი მარცხი იყო.

დემიენ ლილარდის სამიანი და ოკლაჰომა სახლში მიდის

რა არის ვესტბრუკის თამაში და რატომ არის იგი ძველმოდური

რასელ ვესტბრუკი ალბათ ყველაზე ათლეტური გამთამაშებელია კალათბურთის ისტორიაში. სისწრაფე, ათლეტიზმი და ფეთქებადი ენერგია მას საშუალებას აძლევს, რომ ფაქტობრივად შეუჩერებელი იყოს სწრაფ კალათბურთში. ღია კორტში, სივრცეში, ვესტბრუკის შეტევის დროს, მეტოქის დაცვას საშუალება არ აქვს - შეტევა უმეტეს შემთხვევაში ჩატენვით, ან ორი ქულა + ჯარიმით სრულდება. რაც უფრო სწრაფი, ინტენსიური და ქაოტურია თამაში, ვესტბრუკი თავს უკეთ გრძნობს. მისი თამაში ე.წ. transition basketball-ია, როდესაც გუნდები სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში. სწორედ ამიტომ, დაცვის დროს ვესტბრუკი ყოველთვის ცდილობს, რომ ჩაჭრაზე, ან ბურთის მოპარვაზე ითამაშოს და შეუტიოს მეტოქის ფარს, სანამ მოწინააღმდეგე ორგანიზებული დაცვის დაყენებას შეძლებს.

ვესტბრუკის პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც შედარებით ნელი თამაშია, მეტოქე პოზიციური დაცვის დაყენებას ასწრებს და სამწამიანში თავისუფალ ზონებს არ ტოვებს. ამ შემთხვევაში ვესტბრუკი იძულებულია, უფრო ხშირად თავის სროლას ენდოს. მისი სროლა კი ძალიან არასტაბილური იარაღია - რაც უფრო შორის არის იგი ფარიდან, უფრო ცუდად ისვრის, განსაკუთრებით პრობლემური კი მისი სამქულიანია. გასულ სეზონში იგი 29 პროცენტით ისროდა პერიმეტრიდან, არც კარიერული მაჩვენებელი აქვს ბევრად უკეთესი - 30.8 პროცენტი პერიმეტრიდან.

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ვესტბრუკი ეფექტური შემტევი იარაღი მხოლოდ მეტრამდე დისტანციიდან არის - ანუ, როდესაც იგი უშუალოდ ფარს უტევს. პრობლემა ისაა, რომ ვესტბრუკის შეტევების მხოლოდ ერთი მესამედი (35.1 პროცენტი) სრულდება 1 მეტრამდე დისტანციიდან სროლით, ანუ სამიდან ორ შემთხვევაში ოკლაჰომას ლიდერი იმ დისტანციებიდან უტევს, რომელიც მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატული პრობლემა პლეი ოფშია, როდესაც თამაში უფრო ნელი, დაცვითი და პოზიციური ხდება და ვესტბრუკს სივრცეების პოვნა უფრო უჭირს (შეტევების 31.1 პროცენტი 1 მეტრამდე დისტანციიდან) .

დიდი გული ცოტა ინტელექტით

ვესტბრუკის სათამაშო პლუსები აჭარბებს მის მინუსებს. პრობლემური სროლის მიუხედავად, ოკლაჰომას ლიდერს შეეძლო ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონოდა - რომ არა მისი მთავარი პრობლემა: ცუდი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, იანისი ვესტბრუკზე ცუდად ისვრის, თუმცა სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე მუდამ ახერხებს, რომ თავისი სისუსტეები დამალოს და ძლიერ მხარეებს დაეყრდნოს. იანისს თამაშში მხოლოდ 1.7 სროლა აქვს პერიმეტრიდან (27.7 პროცენტით), ვესტბრუკს კი, რომელიც პერიმეტრიდან დაახლოებით მისნაირი მსროლელია, გასულ სეზონში ჯიუტად ისროდა 5.6 სამქულიანს.

რასელ ვესტბრუკს სურს, რომ ბურთი მუდამ მას ჰქონდეს და მთელ თამაშს წაუძღვეს. გამთამაშებლისთვის ალბათ ეს ბუნებრივი სურვილია. პრობლემა ის არის, რომ ვესტბრუკი მხოლოდ ნომინალურად არის გამთამაშებელი. იგი ფიზიკურად ბევრად უფრო ათლეტურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გამთამაშებელი, თუმცა მისი ინტელექტი და პარკეტზე აზროვნების სისტემა განსხვავდება გამთამაშებლისგან. ვესტბრუკი ყოველთვის გულით, ემოციით თამაშობს, კლასიკური გამთამაშებელი კი დაახლოებით კრის პოლის ტიპის მოთამაშეა, რომელიც ცივი გონებით ზომავს და აფასებს თითოეულ პოზიციას. სტატისტიკის თანახმად, ვესტბრუკს დამოუკიდებლად, მარტოს სურს შექმნას თავისი გუნდის სათამაშო სისტემა და ერთპიროვნულად წაუძღვეს თამაშს. ეს წარმატებით დღევანდელ ლიგაში მხოლოდ სამ მოთამაშეს გამოსდის - ლებრონს, იანისს და ჰარდენს. თუკი გოლდენ სტეიტს აქვს სისტემა, ეს სამივე მოთამაშე ცალკე აღებული წარმოადგენს სათამაშო სისტემას.

გამოყენების ინდექსის თანახმად, ვესტბრუკი თავისი გუნდის თამაშში დაახლოებით იმავე დონეზეა ჩართული, როგორც ზემოთ აღნიშნული სამეული.

ვესტბრუკი ამ მოთამაშეებზე ხშირად არის თავისი გუნდის თამაშში ჩართული, თუმცა ინტელექტით და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარით მათ ჩამოუვარდება. არაფერს ვიტყვი ლებრონზე, რომელიც პარკეტზე მოსიარულე კომპიუტერის სიზუსტით აფასებს სათამაშო ეპიზოდებს, იგივე იანისთან ან ჯეიმს ჰარდენთან შედარებით, ვესტბრუკს თამაშის შეფასების უნარი არ ჰყოფნის - ის უბრალოდ ზედმეტად ემოციური და ჯიუტია იმისთვის, რომ სწორად ითამაშოს. გასულ სეზონში ჯეიმს ჰარდენს ისტორიული მაქსიმუმი ჰქონდა - მისი გუნდის თამაშის 40.5 პროცენტში იყენებდა მას. შეგახსნებთ, რომ ჰიუსტონი სტატისტიკის და ციფრების სამეფოა, გუნდი, რომელიც მაგალითად თავისი სროლების მხოლოდ 2.5 პროცენტს ისვრის საშუალო დისტანციიდან, რადგან ეს ცუდ სროლად მიიჩნევა - ჰიუსტონის მთელი თამაში ციფრებზეა აწყობილი. ვესტბრუკს პოლ ჯორჯის მოსვლამდე, სულ რამდენიმე სეზონის წინ ჰქონდა გამოყენების ინდექსი 41.7 ანუ წლევანდელ ჰარდენზე უფრო ხშირად იყო ბურთით. ალბათ ხვდებით, რომ აქედან კარგი არაფერი გამოდიოდა. ჰარდენისგან განსხვავებით ვესტბრუკი უბრალოდ არ არის ის მოთამაშე, რომელიც თავის თამაშს სტატისტიკასა და ციფრებზე ააწყობს.

ასე გამოიყურება ვესტბრუკის შეტევა გადამწყვეტ მომენტში

მას თამაშში 4.1 დაკარგვა აქვს, ეს ბევრია, მაგრამ კიდევ უარესი ის არის, რომ ყველაზე ხშირად ვესტბრუკი ბურთს მაშინ კარგავს, როდესაც უფრო ემოციურად თამაშობს - ანუ, გადამწყვეტი თამაშების ფინალურ წუთებში.

გარანტირებული სპექტაკლი

არასწორი გადაწყვეტილებებისა თუ ცუდი სტატისტიკის მიუხედავად, გულშემატკივარს რასელ ვესტბრუკი მაინც ძალიან უყვარს. ზემოთ ჯეიმს ჰარდენს ვადარებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ნეიტრალურ გულშემატკივარს ურჩევნია, ვესტბრუკს უყუროს, ვიდრე ჰარდენს.

ვესტბრუკის სისუსტეეები მისი ყველაზე ძლიერი მხარეც არის. ეს არის მოთამაშე, რომელიც რთულ რამეებს მარტივად აკეთებს, მარტივ რამეებს კი რთულად. მუდმივი სურვილი, რომ ბურთი მუდამ მას ჰქონდეს, საშუალებას გვაძლევს, რომ მის საუკეთესო თამაშებში ერთი კაცის სპექტაკლი ვნახოთ. შემთხვევითი არ არის, რომ იგი კალათბურთის ისტორიაში მესამეა სამმაგი დუბლების რაოდენობით. მას უბრალოდ სურს, რომ ყველაფერი მარტომ გააკეთოს, ისროლოს, მოხსნას თავისივე ნასროლი ბურთი, ისევ ისროლოს და ა.შ.

2016-2017 წლების სეზონი, როდესაც ვესტბრუკი MVP, სეზონის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე გახდა, მისი კალათბურთის მწვერვალია. ამ სეზონში იგი 34 წუთში თამაშში 31.6 ქულას აგროვებდა და 10.4 პასი ჰქონდა. ეს იყო ერთი კაცის შოუ, საშუალოზე სუსტ ოკლაჰომაში ვესტბრუკს ომი ჰქონდა გამოცხადებული მთელი სამყაროს წინააღმდეგ, კევინ დურანტის გუნდიდან წასვლის შემდეგ რასელი ცდილობდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია მარტომ ყველას მოუგოს. სწორედ ამ სეზონში დაამხო მან ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის 55 წლიანი რეკორდი და სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - თამაშში 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა, 10.4 პასი, თანაც ისე, რომ სეზონში 42 სამმაგი დუბლი ჰქონდა.

ეს იყო სეზონი, როდესაც მის ანგარიშზე იყო ისეთი თამაშები, როგორც ორლანდოსთან 57 ქულა და 11 პასი, ფინიქსთან 51 ქულა, დენვერთან 50 ქულა. შემდეგ პლეი ოფის პირველივე წრეში მარცხი ჰიუსტონთან, მაგრამ კიდევ ერთი 51 ქულიანი თამაში. ვესტბრუკის საუკეთესო თამაშებში მისი გუნდელები ისევე გამოიყურებიან, როგორც ფრედო გაბრაზებული მაიკლ კორლეონეს ფონზე - უბრალოდ ცდილობენ, რომ მოერიდონ და ხელი არ შეუშალონ. არის კი ეს სწორი კალათბურთი?! უბრალოდ ის ვიცი, რომ როცა მსგავს თამაშებს უყურებ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს სწორია, თუ არა - ეს პრივილეგიაა, ვნახოთ, როგორ ცდილობს ფენომენალური ტალანტისა და მონდომების მქონე ადამიანი შეუძლებელი რაღაცები აკეთოს.

წაიკითხე | კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

და კიდევ ერთი: ზემოთ კობი ბრაიანტი ვახსენე, და არცთუ შემთხვევით. თავად კობისაც არაერთხელ უთქვამს, რომ ხასიათით დღევანდელ ლიგაში მას ყველაზე მეტად სწორედ რასელ ვესტბრუკი ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ერთია, მაგრამ ძალიან არსებითი.

კობის უფრო ზეადამიანური თუ დემონური აგრესია აქვს და ის ძალიან ჭკვიანია. ვესტბრუკის შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანურ, რაღაც ალალ გაბრაზებას და სასიკვდილოდ განწირულის გამბედაობას ვხედავთ - ის უფრო მეტად დონ კიხოტია მიამიტურად რომ ებრძვის თავის ნამდვილ თუ წარმოსახვით მტრებს, ვიდრე სიზიფოსი, რომელსაც სულ ერთი ნაბიჯი აკლდება ბოლომდე რომ აათრიოს თავისი ქვა (ამ როლს ალბათ უფრო ჰიუსტონი მოერგებოდა).

ბუნდოვანი მომავალი

თანამედროვე კალათბურთი რასელ ვესტბრუკის ტიპის მოთამაშისთვის უფრო და უფრო ცოტა სივრცეს ტოვებს. ის უბრალოდ არასწორ დროს დაიბადა - 90-იანებში, ან თუნდაც 2000-იანების დასაწყისში ის სულ სხვა ისტორია იქნებოდა - არავინ დაითვლიდა და გაზომავდა მის არასწორ სროლებს და ცუდ სტატისტიკას, ისტორიას მხოლოდ მისი გამბედაობა და მიღწევები შემორჩებოდა, ისევე, როგორც მაგალითად, ალენ აივერსონის შემთხვევაში.

დღეს კი მოთამაშე, რომელიც ცუდ სროლებს ისვრის, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და სტატისტიკას არაფრად აგდებს, ძალიან რთულია (თუ შეუძლებელი არა), რომ საჩემპიონო გუნდის ლიდერად გამოგადგეს. ვესტბრუკი შეიძლება ყველაზე სწრაფია, მაგრამ თანამედროვე კალათბურთში მიხვდნენ, რომ ბურთი უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე დარბის და უპირატესობაც ბურთის მოძრაობის უნარს ენიჭება. ვესტბრუკიც თანამედროვე თამაშში ისე გამოიყურება, როგორც ცხენით და შუბით რომ გამოხვიდე ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული შეიარაღების წინააღმდეგ საომრად.

წაიკითხე | მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

წლევანდელმა პლეი ოფმა კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა - ბოლო ორ სეზონში პოლ ჯორჯის გუნდში მოსვლასთან ერთად ვესტბრუკი შეეცადა თავისი თამაში გადაეწყო და შეტევაში პირველ ოპციად სწორედ პოლ ჯორჯი ექცია. მისი სროლების რაოდენობა მცირდებოდა, პასები კი იზრდებოდა.

თუმცა აქედანაც არაფერი გამოვიდა. პორტლენდთან სახლში წაგებულ გადამწყვეტ მეოთხე შეხვედრაში რასელს 21-დან მხოლოდ 5 ჩაგდებული სროლა ჰქონდა. საერთოდაც 21.3 ქულით და ზუსტი სროლების 36.3 პროცენტით, მან მისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პლეი ოფი ითამაშა და ვესტბრუკი 30 წელს უკვე გადასცდა და წელს პლეი ოფში პირველად მოხვდა თვალში, რომ ის თითქოს ისე ათლეტური ვეღარ არის, როგორიც იყო. საერთოდ, 30 წლის შემდეგ ათლეტიზმის შენარჩუნება ძალიან ჭირს ხოლმე, განსაკუთრებით მისი კომპლექტაციის მოთამაშეებისთვის - იგი 91 კილოა და დიდი კუნთური მასა აქვს. არც იმის მჯერა, რომ მას ან სურს ან შეუძლია, ასაკში შესვლასთან ერთად თავისი თამაში შეცვალოს. მოკლედ მომავალი ბუნდოვანია და ოკლაჰომას, რომელმაც შემდეგ 4 სეზონში ვესტბრუკს 171 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, კარგ შემთხვევაში სულ რამდენიმე სეზონი აქვს, ვესტბრუკის გარშემო ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი, რომ ააწყოს. დურანტის წასვლის შემდეგ ოკლაჰომამ სტილურად ვერ ააწყო ის გუნდი, რომელის ვესტბრუკის ძლიერ მხარეებს მოერგებოდა, მის სისუსტეებს კი დამალავდა.

ვესტბრუკს გოლდენ სტეიტის ტიპის გუნდში, რომელიც გუნდურ ჰარმონიასა და ბურთის სინქრონულ მოძრაობაზე დგას, ვერასოდეს წარმოვიდგენთ. იგი შესაძლოა ულტრადაცვით გუნდის ლიდერი ყოფილიყო, რომელიც ჩაჭრების და მოპარვების ხარჯზე ღია სივრცეში შეტევებს შეუქმნიდა ვესტბრუკს - ბოლო წლებია ოკლაჰომა ამ გზით მიდის და წლიდან წლამდე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს.

ოკლაჰომა, ტრადიციულად, ლიდერობს დაცვით კომპონენტებში

პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე თამაში უფრო შეტევაზეა ორიენტირებული და ამ ტიპის გუნდი შესაძლოა ათი წლის წინ წარმატებული ყოფილიყო, დღეს კი ძალიან რთულია, მეტოქეს სტაბილურად არ ჩააყრევინო.

ვესტბრუკი ალბათ ყველაზე წარმატებული მილუოკის ტიპის გუნდში იქნებოდა ანუ ითამაშებდა ისე, როგორც ლებრონი და იანისი თამაშობენ. პერიმეტრზე სამქულიანის მსროლელები, რომლებიც სივრცეს ქმნიან და თუკი სამწამიანი თავისუფალია იანისის ან ლებრონის მსგავსი ათლეტის შეჩერება შეუძლებელია, ან იძულებული ხდები სამწამიანი დაფარო, თუმცა პერიმეტრზე მსროლელები თავისუფალი დარჩნენ. ბოლო წლებში ვესტბრუკს ძალიან აკლია გუნდში სამქულიანის მსროლელები, რომლებიც მეტოქის დაცვას გაწელავენ და მას სივრცეს შეუქმნიან.

ოკლაჰომას პრობლემა ის არის, რომ ბოლო წლებია სტაბილურად ბოლო ათეულშია პერიმეტრიდან სროლის პროცენტის მიხედვით - 2016 წელს კი საერთოდაც 30-ე იყო. არავის ეშინია ოკლაჰომას სამქულიანების - ვესტბრუკსაც სივრცე ნაკლებად ექმნება.

ამ ტიპის გუნდში ვესტბრუკის თამაში წარმომიდგენია, თუმცა იანისის ან ლებრონისგან გასხვავებით იგი უფრო ნაკლებად გაბარიტულია, მხოლოდ 191 სანტიმეტრი სიმაღლის პირობებში მათი მსგავსი დომინაციის დამყარება რთული იქნება. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ოკლაჰომას შემდეგ სეზონში მთელს ლიგაში სიდიდით მეორე ბიუჯეტი აქვს და გუნდის გადაწყობა ძალიან გაუჭირდება.

არადა მაგალითად სტივენ ადამსთან ერთად, რომელიც ძალიან კარგი ცენტრია, თუმცა თამაშის დიდ ნაწილს სამწამიანში ატარებს, ვესტბრუკი რთულად წარმომიდგენია.

ცოტა ხნის წინ ერთი ოკლაჰომელი კაცის სტატიას ვკითხულობდი. დიდი არაფერი, მთავარი აზრი ის იყო, რომ ვესტბრუკი დინების საწინააღმდეგოდ წავიდა და ჰარდენის და დურანტის წასვლის შემდეგ, მცირე ბაზრის გუნდში, ოკლაჰომაში დარჩა - ქალაქს აგრძნობინა, რომ მას მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ უყვართ იგი ოკლაჰომაში ასე ძალიან. მეც აქეთ მივდივარ - ვესტბრუკს როცა უყურებ, ცუდი სროლები და სტატისტიკა გავიწყდება, იჯერებ, რომ ამ თავგანწირულ მონდომებას და აგრესიას მნიშვნელობა აქვს, იჯერებ იმას, რაც იცი, რომ მართალი არ არის. შეუძლებელია, ამ სანახაობამ გულგრილი დაგტოვოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები