Thumbnail
  • ატალანტა 0:2 ლაციო
  • რომაელებმა მილინკოვიჩ-სავიჩისა და კორეას გოლებით გაიმარჯვეს
  • ინძაგის გუნდმა თასის მოგებით ევროპალიგის ჯგუფში თამაში გაინაღდა

იტალიის თასის რიგით 71-ე გათამაშების გამარჯვებული რომის ლაციო გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ბერგამოს ატალანტას მოუგო და ჯილდოს მფლობელი ისტორიაში მეშვიდედ გახდა. სიმონე ინძაგიმ და მისმა შეგირდებმა ამ გამარჯვებით სეზონი გადაარჩინეს - ტიტულთან ერთად, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს.

კოპა იტალიას ბოლო ოთხი წელიწადი იუვენტუსი იგებდა 

იტალიის თასის ფინალური შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, 82-ე წუთამდე უგოლოდ წარიმართა, ანგარიშის გახსნა კი მოედანზე ცვლილებაზე რამდენიმე წუთის შესულმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა მოახერხა. ლუკას ლეივას მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სერბმა ნახევარმცველმა მაღალ ბურთზე ბრძოლაში ყველას აჯობა და გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთზე, შეტევაში დიდი ძალებით წასული ატალანტა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ხოაკინ კორეამ დასაჯა, რომელმაც ჯერ რემო ფროილერი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი ბერგამოელთა მეკარე პიერლუიჯი გოლინი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იტალიის თასი 1922 წლიდან თამაშდება, რომის ლაციოსთვის კი ეს მე-10 ფინალი იყო. აღსანიშნავია, რომ ბიანკოჩელესტიმ ეს ჯილდო ბოლოს 2013 წელს მოიგო, მას შემდეგ კი ფინალი ორჯერ დათმო - ორივეჯერ ტურინის იუვენტუსთან, 2015 და 2017 წლებში.

ბერგამოს ატალანტა იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (მანამდე 1987 და 1996 წლებში), ტიტულის მოგება კი ერთადერთხელ - 1963 წელს მოახერხა. ახლა ჯანპიერო გასპერინის შეგირდებს მთელი ყურადღების გადატანა სერია A-ში დარჩენილ ორ მატჩზე მოუწევთ. ბერგამოს გუნდი ცხრილში მეოთხეა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

ატალანტა 0:2 ლაციო

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (82’), 0:2 კორეა (90’)

ატალანტა (3-4-1-2): გოლინი - პალომინო, ჯიმსიტი, მაზიელო - ჰატებური, ფროილერი, დე რონი (85’ პაშალიჩი), კასტანი (85’ გოზენსი) - გომესი - ილიჩიჩი, საპატა (84’ ბეროუ).

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ფელიპე, აჩერბი, ბაშტუში (36’ რადუ) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა,  ალბერტო (78’ მილინკოვიჩ-სავიჩი), ლულიჩი - კორეა, იმობილე (67’ კაისედო).

კომენტარები

ბოლო ამბები