Thumbnail

სარის ევროპალიგის მოგებაც ვერ უშველის - ჩელსიმ შემცვლელი შეარჩია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლუბი იტალიელს ფანატებთან ცუდ ურთიერთობას არ პატიობს
  • 60 წლის სპეციალისტის გაშვება პირადად რომან აბრამოვიჩს სურს
  • ლონდონის ჩელსიში ფრენკ ლაპმარდის დაბრუნებას ელოდებიან

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ჩელსიმ 2018/19 წლების პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, სულ მალე კი ევროპალიგის მოგებას შეეცდება, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის გაშვებაზე მაინც ფიქრობს.

იტალიური მედია წერს, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას, უფრო ზუსტად კი, მის მფლობელ რომან აბრამოვიჩს, 60 წლის იტალიელი სპეციალისტის გაშვება სურს, რისი მიზეზიც მწვრთნელსა და გულშემატკივრებს შორის არცთუ კარგი ურთიერთობაა. წერენ, რომ ლონდონელ ფანატებს სარის სათამაშო სტილი არ მოსწონთ და მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა გუნდი ევროპალიგას, ჩელსი სეზონის დასრულების შემდეგ მას ყველა შემთხვევაში დაემშვიდობება.

რუსი მილიარდერისთვის ფანატების აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია

მაურიციო სარი ჩელსიში გასულ ზაფხულს, ნაპოლიში გატარებული სამი წლის შემდეგ მივიდა. სპეციალისტს ლონდონელებთან ერთად ტიტულის მოგების შანსი 29 მაისს, ბაქოში გასამართ ევროპალიგის ფანალში ექნება, სადაც მეტოქედ კიდევ ერთი ლონდონური კლუბი - არსენალი ჰყავს. 

ამასობაში, მედია მაურიცო სარის სავარაუდო შემცვლელზეც წერს და ის დერბი ქაუნთის თავკაცი ფრენკ ლამპარდია. ჩელსიში ფიქრობენ, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გუნდის ყოფილი ფეხბურთელის დანიშვნით, გულშემატკივრებს ძალიან ასიამოვნებენ. 

ჩელსის გულშემატკივრებს ლეგენდის კლუბში დაბრუნება გაახარებთ

ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსის ღირსებას 2001-2014 წლების პერიოდში იცავდა.. ამ კლუბის მაისურით მან 648 მატჩში ითამაშა და 211 გოლი გაიტანა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ კი ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. 

40 წლის ფრენკ ლამპარდმა დერბი ქაუნთი გასული წლის მაისში ჩაიბარა, ჩემპიონშიპში მე-6 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში გასასვლელად პლეი ოფში იბრძვის.

არსებული ინფორმაციით, მაურიციო სარის მიწვევით იტალიური კლუბები: ტურინის იუვენტუსი, რომა და მილანი ინტერესდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები