Thumbnail

მე-10 ატლანტაში ან მე-14 ბოსტონში - რას წერენ ბითაძეზე დრაფტის ლატარეის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რას წერენ დრაფტის ლატარეის შემდეგ ამერიკაში
  • ვინ აიყვანს გოგა ბითაძეს 20 ივნისის დრაფტზე

NBA-ს დრაფტამდე თვეზე ოდნავ მეტი (36 დღე) რჩება, დღეიდან ლატარეის ჩატარების შემდეგ, უკვე ცნობილია, რომელ კლუბს დრაფტის რომელი ხვდა წილად და ვარაუდებიც უფრო კონკურეტული გახდა. 

ბუნებრივია, ეს თემა ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, მას მერე, რაც დრაფტზე 19 წლის გოგა ბითაძე დადგა. გოგას ბრუკლინში, სავარაუდოდ, პირველ წრეში აირჩევენ. არის იმის შანსი, რომ ის "მწვანე ოთახში" დაპატიჟებულთა შორისაც მოხვდეს (რომელთაც, ალბათ, პირველ 15 ნომრად აირჩევენ). 

nbadraft.net-ს ჯერ არ განუახლებია ვარაუდები ლატარეის გათვალისწინებით, თუმცა საიტმა სულ რამდენიმე დღის წინათ მიმოიხილა დრაფტის ევროპელი ტალანტები და გოგა ბითაძეზე წინ მხოლოდ ფრანგი სეკუ დუმბია დააყენა.

nbadraft.net: ერთი-ორი ცუდი თამაში არაფერს ნიშნავს

გოგა ბითაძემ ბოლო ორ მატჩში 20+ ქულა ჩააგდო

აი, რას წერს nbadraft.net გოგაზე: "მან ვერაფერი გააწყო ადრიატიკის ლიგის ფინალებში, ბუდუჩნოსტისა და ცრვენა ზვეზდას დაპირისპირებებში, მაგრამ ეს ვერ შეცვლის წარმოდგენას მის შესახებ. გოგა ბითაძე ნამდვილი "მხეცი" იყო წლევანდელ სეზონში, როგორც ადრიატიკის ლიგაში, ისე ევროლიგაში და მისი ფსონი დრაფტზე საკმაოდ მაღალია.

ამ კლასში ქართველი ყველაზე სრულყოფილი პროდუქტია და მზად არის ლიგაში ძალების მოსასინჯად. ამ სეზონში მან ბევრ ასპექტში მოუმატა, მაგალითად,  Pick and Roll-ში და ერთი-ორი ცუდი თამაში ხაზს ვერ გადაუსვამს იმას, რასაც ბითაძემ თავისი შრომით მიაღწია". 

მაშ ასე, დრაფტზე ორიენტირებული საიტები კონკრეტიკაზე გადავიდნენ და მათ შორის ბითაძის შემთხვევაშიც. ვნახოთ, რა დაიწერა ამერიკულ მედიაში დრაფტის ლატარეის შემდეგ.

ჯერემი ვუ, Sports Illustrated - ბითაძეს ატლანტა მე-10 ნომრად აიყვანს

ატლანტა ჰოუკსს ლატარეაში არ გაუმართლდა, თუმცა ტოპ-10-ში ორი არჩევის უფლება აქვს - მე-8 და მე-10. Sports Illustrated წერს, რომ მერვე ნომრად ატლანტა ვირჯინიას ფორვარდ დეანდრე ჰანტერს აიყვანს, ხოლო მეათე ნომრად - 19 წლის ქართველს. 

"დალასი ოთხეულში ვერ მოხვდა და მისი პიკი ატლანტას შეხვდა - ბითაძე კარგი ვარიანტია, მან შეიძლება ცენტრის კრიზისული სიტუაცია გამოასწოროს ატლანტაში და თან მისი აყვანა გუნდის შენების პერსპექტივაშიც ბწყინვალედ ჯდება.

ქართველ ცენტრს ზურგს უმაგრებს შთამბეჭდავი სეზონი მეგა ბიმაქსსა და ბუდუჩნოსტში. მას ყველაფერი უწყობს ხელს, რომ NBA კარიერა წარმატებით დაიწყოს - სიმაღლე, მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება, კარგი გადაადგილება მოედანზე, სროლის უნარი. ძალიან დიდი ალბათობით, გოგას სწორედ ლატარეის არეალში (1-14) აიყვანენ", - წერს ჯერემი ვუ.

ჯონათან ვასერმანი, Bleacher Report - ბითაძეს სელტიკსი მე-14 ნომრად აიყვანს

საკუთარი ვარაუდები ლატარეის შემდეგ Bleacher Report-მაც შემოგვთავაზა - ჯონათან ვასერმანს მიაჩნია, რომ გოგა ბოსტონ სელტიკსს შეხვდება, რომელსაც ლატარეაში ყველაზე მეტად არ გაუმართლდა - ბოლო, მე-14 ნომერი შეხვდა. 

"გოგა ბითაძე ახლახან ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს. მისით სწორედ ლატარეის ზონაში არიან დაინტერესებულნი. ქართველმა ცენტრმა ამ სეზონში ბევრად გაიუმჯობესა მონაცემები, სროლაში, ნახტომში. გოგა შესაძლოა, ასოციაციის დონეზე ვერ გახდეს შეტევაში მთავარი ინიციატორი და სუპერდამცველი, მაგრამ მას ყველა მოიაზრებს ლატარეის ზონის ბოლოსკენ, ან პირველი წრის შუაში". 

Yahoo Sports - ბითაძეს 21-ე ნომრად ოკლაჰომა აირჩევს

"ოკლაჰომას ცენტრში დახმარება სჭირდება, რადგან სტივენ ადამსს ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. გოგა ბითაძეს კი მრავალმხრივ განვითარებული უნარები აქვს". 

კომენტარები

ბოლო ამბები