Thumbnail
  • ნიკო კოვაჩის მომავალი ბაიერნში ჯერ კიდევ გაურკვეველია
  • Sport Bild: რეკორდმაისტერს, დიდი ალბათობით, ახალი მწვრთნელი ეყოლება

გერმანიის ჩემპიონატი მთავრდება, ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ბაიერნის ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ არ უთქვამთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც აუცილებლად ნიკო კოვაჩი იქნება. რეკორდმაისტერის ფანების უდიდესი ნაწილისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ხორვატი სპეციალისტი ზაფხულში მიუნხენურ გრანდს ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვებს. საქმე ისაა, რომ ბაიერნის ბოსებს სეზონის მიწურულს ყოველთვის ნათქვამი აქვთ ხოლმე, ენდობიან თუ არა მწვრთნელს მომდევნო სეზონშიც.

ბაიერნის ხელმძღვანელები ნიკო კოვაჩს ალბათ მაინც შეცვლიან

ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ბაიერნი კოვაჩის შემცვლელს ეძებს, მაგრამ სანამ სასურველი კანდიდატებიდან რომელიმეც არ დაითანხმებს, ხორვატს არ ათავისუფლებენ, მაგრამ არც იმას ამბობენ, რომ კოვაჩი აუცილებლად პოსტზე რჩება. როგორც ირკვევა, კოვაჩის შემცვლელის პოვნა არცისე ადვილია.

უარი ტუხელისგან და ტენ ჰაგისგან

პოტენციური კანდიდატების სია საკმაოდ გრძელია. მიუხედავად ამისა, მიუნხენში ახალი მწვრთნელის პოვნა უჭირთ. ჟურნალ Sport Bild-ის ინფორმაციით, ბაიერნის შეფებმა უკვე მიიღეს უარი თომას ტუხელისგან (პსჟ) და ერიკ ტენ ჰაგისგან (აიაქსი). მათ თავიანთი ამჟამინდელი გუნდების დატოვება არ სურთ.

ბაიერნი? ერიკ ტენ ჰაგს სხვა გეგმები აქვს

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ბავარიელებს ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინოც სურდათ, მაგრამ მოლაპარაკებებზე არგენტინელმაც უარი თქვა. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ხულიენ ლოპეტეგიზეც დაფიქრდნენ, მაგრამ Sport Bild წერს, რომ ამ უკანასკნელთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.

ვენგერი, ვან ბომელი, რანგნიკი...

კანდიდატების სიაში კვლავ წერია არსენ ვენგერის გვარი, რომელიც პირადად ჰიონესის ფავორიტია. ბაიერნში მუშაობის კანდიდატად ასევე მოიაზრება რეკორდმაისტერის ყოფილი ფეხბურთელი მარკ ვან ბომელი, რომელიც ახლა პსვ ეინდჰოვენის დამრიგებელია. ჰიონესი და რუმენიგე ჰოლანდიელს დიდი ხანია, აკვირდებიან და მისი სტილი მოსწონთ.

Sport Bild-მა ბაიერნთან მიმართებაში ახალი, ისეთი კანდიდატიც დაასახელა, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იწერებოდა. ეს არის ლაიპციგის დამრიგებელი რალფ რანგნიკი!

რალფ რანგნიკი გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია

აღსანიშნავია, რომ ‘პროფესორ რალფის’ გადაბირება ბაიერნში 2017 წელსაც სურდათ - ოღონდ, მაშინ სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი მიიღეს და მერე ჰასან სალიჰამიჯიჩი დანიშნეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - რანგნიკი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და რეკორდმაისტერში ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები