Thumbnail

სასჯელი კოცნისთვის - მოკრივე ჟურნალისტი გოგონას კოცნისთვის დასაჯეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პროფესიონალი მოკრივე კუბრატ პულევი ჟურნალისტი გოგონას კოცნისთვის დაისაჯა
  • მას რინგზე დასაბრუნებლად ჯარიმის გადახდა და სპეციალური კურსის გავლა მოუწევს

ბულგარელი პროფესიონალი მოკრივე კუბრატ პულევი, რომელმაც ინტერვიუს დროს ჟურნალისტ გოგონას აკოცა, ივლისამდე დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მოკრივეს, რომელიც მძიმე წონაში გამოდის, 2,5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და სექსუალური შევიწროების თემაზე საგანმანათლებლო კურსის გავლა მოუწევს. კალიფორნიის ათლეტთა კომისია ბულგარელს რინგზე დაბრუნების უფლებას მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს. 

შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. კუბრატ პულევი ბოგდან დინთან გამარჯვების შემდეგ, ინტერვიუს ჯენიფერ რავალოს აძლევდა. ბოლო შეკითხვის შემდეგ 38 წლის ბულგარელმა სპორტსმენმა ჟურნალისტს ტუჩებში აკოცა. ჯენიფერმა, რომლისთვისაც კოცნა აშკარად მოულოდნელი იყო, გაიცინა და სპორტსმენს ინტერვიუსთვის მადლობაც გადაუხადა. 

მაგრამ ინციდენტის შემდეგ რავალომ პულევი შევიწროებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კოცნის გარდა, მოკრივემ მას ხელი თეძოზეც მოკიდა. თავის მხრივ, პულევი ბრალდებას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ ჯენიფერი მისი ძველი მეგობარია, ამის დასტურად კი ბრძოლის შემდეგ, ღამის კლუბში გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათები წარმოადგინა.  

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კალიფორნიის ათლეტთა კომისიამ პულევი დამნაშავედ ცნო და დასაჯა. წესის ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში კი, მოკრივეს სამუდამო დისკვალიფიკაცია დაემუქრება. 

კურბატ პულევს პროფესიონალურ დონეზე 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 27-ში გაიმარჯვა და მათგან 14-ში ნოკაუტით. ბულგარელი მოკრივე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - ვლადიმირ კლიჩკოსთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები