Thumbnail

მესამე ფერგისა და მოურინოს შემდეგ - გვარდიოლა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პრემიერლიგამ ბოლო სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა
  • ჩემპიონი სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო
  • სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონსა და ჟოზე მოურინიოს გაუტოლდა 

ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალურ საიტზე ბოლო სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა. ბუნებრივია, ეს ჩემპიონი მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაა, რომელმაც ეს აღიარება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ხმისმიცემაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა და საფეხბურთო ექსპერტებმა მიიღეს. 48 წლის კატალონიელმა სპეციალისტმა ჯილდოს მოსაპოვებლად ნუნუ ესპირიტუ სანტუს (ვულვზი), იურგენ კლოპსა (ლივერპული) და მაურისიო პოჩენტინოს (ტოტენჰემი) აჯობა.  

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, - თქვა დაჯილდოების შემდეგ პეპმა. - მსურს, ის ჩემს ფეხბურთელებს გავუზიარო, რადგან სწორედ მათი დამსახურებით მივიღე ჯილდო. ასევე - სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რადგან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ პრემიერლიგის სხვა მენეჯერებთან, განსაკუთრებით კი იურგენ კლოპთან, რომელიც არაჩვეულებრივი მეტოქეა და მასთან ბრძოლა ბოლომდეა საჭირო".

მანჩესტერ სიტი 2018/19 წლების სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 98 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ ლივერპულს ქულით აჯობა. სიტი ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. გვარდიოლა პრემიერლიგის ისტორიაში მესამე სპეციალისტი გახდა, ვინც ტიტულის შენარჩუნება მოახერხა. მანამდე ეს სერ ალექს ფერგიუსონმა და ჟოზე მოურინიომ მოახერხეს.

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის. მანამდე კატალონიელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნსა და ბარსელონაში მუშაობდა. 

პეპმა მანჩესტერ სიტისთან ჯამში 5 ტიტული მიიპოვა: ორჯერ პრემიერლიგა მოიგო (2017/18 და 2018/19 წლებში), ორჯერ ინგლისის ფეხბურთის ლიგის თასი (2018, 2019) და ერთხელ ინგლისის სუპერთასი (2018).

კომენტარები

ბოლო ამბები