Thumbnail

ჯიმი ტაბიძე სათამაშოდ მზადაა - მნიშვნელოვანი ამბავი ნაკრებისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული უფას 23 წლის მცველმა ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად განაახლა
  • ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მარტის ბოლოს, შვეიარიასთან სანაკრებო შეხვედრაში მიიღო
  • ვლადიმირ ვაისს ივნისში ჩასატარებელ მატჩებში ფეხბურთელის იმედი ექნება

საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე გამოჯანმრთელდა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა შვეიცარიის ნაკრებთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მიიღო, სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ტაბიძის კლუბის, უფას პრესსამსახური იუწყება, რომლის ცნობით, ჯიმი საერთო ჯგუფთან ერთად ემზადება.

ჯიმი ტაბიძემ ტვინის შერყევა ფაბიან შერისთან შეჯახებისას მიიღო და ამ დრომდე უფას ვერ ეხმარებოდა, ახლა კი სრულ მზადყოფნაშია და 18 მაისს, რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში თამაშსაც შეძლებს, რომელსაც უფა შინ ორენბურგთან გამართავს.

ჯიმი ტაბიძის გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი სიახლეა იმ კუთხითაც, რომ საქართველოს ნაკრებს ივნისში ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩები ელის. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტას უმასპინძებს, 10-ში კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.

23 წლის ქართველმა მცველმა უფას მაისურით რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 12 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

უფას გასული 28 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. გუნდს, დიდი ალბათობით, რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში მოუწევს თამაში.

ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.. მის ანგარიშზე ერთი გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები