Thumbnail
  • საინტერესო დეტალები ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების გარშემო
  • 13 მაისის ფინალი, პოლიტიკური კონტექსტი და არშემდგარი სუპერთასი ლივერპულთან
  • ინტერვიუ ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილთან

1981 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში ერთმანეთს სოციალისტური ბანაკის ორი გუნდი - საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი თბილისის დინამო და აღმოსავლეთ გერმანიის, იგივე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კარლ ცაისი დაუპირისპირდნენ.

80-იანების დასაწყისში, გერმანიის დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი აღმოსავლეთიდან დასავლეთში გაპარული ფეხბურთელებიც იყვნენ, რაც საბოლოოდ 1983 წელ შტაზის მიერ ლუც აიგენდორფის მკვლელობით დასრულდა.

სწორედ ასეთ ატმოსფეროს დაემთხვა 1981 წლის ფინალი, რომლის მასპინძელი ქალაქი დიუსელდორფი იყო. ფინალის საორგანიზაციო სამსახური დილემის წინაშე დადგა: 1. ჩვეულ რეჟიმში გაეშუქებინათ ფინალამდე პერიპეტიები და მატჩისთვის სრული აფიშა გამოეყოთ, რაც მეტ მაყურებელს და მეტ პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა; 2. ფინალის რეკლამა მინიმუმამდე დაეყვანათ და პოტენციური საფრთხე თავიდან აეცილებინათ, ცოტა მაყურებელი კი ადვილად გასაკონტროლებელია.

კარლ ცაისი ჰოპეს გოლით იგებდა. ანგარიში ვლადიმერ გუცაევმა გაათანაბრა

უეფამ და საორგანიზაციო საბჭომ მეორე ვარიანტი არჩიეს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, თბილისის დინამოს 1981 წლის ტრიუმფს, 75 000-იანი ტევადობის სტადიონზე მხოლოდ 5 000-მდე მაყურებელი დაესწრო, ოფიციალური მონაცემებით კი 4 750. თუმცა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავისი მოსაზრებები აქვს მაშინ ახალგაზრდა და დღეს ცნობილ სპორტულ ჟურნალიტს, პაატა ნაცვლიშვილს, რომელმაც popsport.com-ის კითხვებს უპასუხა.

popsport: რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არ ახარებდა თბილისის დინამოს წარმატება?

ნაცვლიშვილი: კი, ნამდვილად ასე იყო და ამაში გასაკვირი არაფერია. მაშინ, მოსკოვის გუნდებს დიდი გულშემატკივრები ჰყავდა ხელისუფლებაში და ეს დამოკიდებულებაც აქედან მოდიოდა. საბჭოთა კავშირში მოსკოველ თუ რუს სპორტსმენს იმთავითვე უპირატესობა ენიჭებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსკოველი თუ რუსი იყო. საბჭოთა პრესაში ვერ იტყოდი, რომ ქართველებმა მოუგეს რუსებს, ან თუ იტყოდი, ცენზურა ამას არ გაუშვებდა. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში უნდა გეთქვა, რომ თბილისის დინამომ მოუგო სპარტაკს, ან ცსკა-ს. კი, შეგეძლო დაგეწერა, რომ ქართველმა მოუგო, ვთქვათ, უზბეკს, ან ყაზახს, მაგრამ რუსის დამარცხების პირდაპირ ხსენება პრესაში თუ რადიო-ტელევიზიაში არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ცენტრში არ უხაროდათ თბილისის დინამოს წარმატება. მით უმეტეს, იქამდე ასეთი წარმატება საბჭოთა გუნდებს არ ჰქონიათ.

საბჭოთა პრესაში ვერ იტყოდი, რომ ქართველებმა მოუგეს რუსებს, ან თუ იტყოდი, ცენზურა ამას არ გაუშვებდა

popsport: მაშინ ფეხბურთი კიდევ უფრო გადაჯაჭვული იყო პოლიტიკასთან, ვიდრე დღეს?

ნაცვლიშვილი: არათუ მაშინ, დღესაც, როდესაც საქართველოს სარაგბო ნაკრები რუსეთს ეთამაშება, გულშემატკივარი გვერდს ვერ უვლის პოლიტიკას. ასე იყო იმ დროს ფეხბურთი და როცა თბილისის დინამო რუსულ გუნდებს ეთამაშებოდა, სპორტი ეროვნული ღირსების დონეზე ადიოდა. სად იყო მაშინ ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, როდესაც დინამოს თამაშებზე ნამდვილი ეროვნული სულისკვეთება დუღდა და გადმოდუღდა. სწორედ ამიტომაც იყო ის გამარჯვება უფრო მეტი, ვიდრე სპორტული გამარჯვება, სწორედ ამიტომაც იქცა 13 მაისი ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად.  

popsport: იმასაც ამბობენ, რომ უეფასთვის უმჯობესი იყო, ფინალში ფეიენოორდი გასულიყო და არა თბილისის დინამო, რადგან დიუსელდორფის მატჩს ათასობით როტერდამელი გულშემატკივარი დაესწრებოდა. ბევრი სწორედ ამით ხსნის როტერდამში, ფეიენოორდი-დინამოს მატჩზე მიკერძოებულ მსაჯობას...

ნაცვლიშვილი: უეფასი არ ვიცი და, იყო მოლოდინი, რომ თასების მფლობელთა თასის ფინალში სწორედ როტერდამის ფეიენოორდს და ლისაბონის ბენფიკას უნდა ეთამაშათ. არა მარტო ევროპაში, ჩვენთანაც ასეთ ფინალს უფრო ელოდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს მოლოდინი არ გამართლა და ფინალში გავიდნენ ერთი მხრივ იქამდე არაფრით გამორჩეული კარლ ცაისი და მეორე მხრივ, დინამო, რომლისთვისაც მსგავსი წარმატება ასევე უჩვეულო იყო. რაც შეეხება მსაჯობას, დიახ, მსაჯობა ცუდი იყო, მაგრამ ცუდი მსაჯობა იქამდეც ბევრი ყოფილა და მას შემდეგაც ბევრი გვინახავს. რისი საბუთიც არ მაქვს, იმაზე გამიჭირდება ლაპარაკი, როგორ იყო და რატომ. მაგალითად, მაქვს საბუთი და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, და მითქვამს კიდეც, რომ ვიქტორ სანეევს მოსკოვში ოლიმპიური ოქროს მედალი სწორედ მსაჯებმა წაართვეს, მაგრამ რა მოხდა როტერდამში, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

როცა თბილისის დინამო რუსულ გუნდებს ეთამაშებოდა, სპორტი ეროვნული ღირსების დონეზე ადიოდა! 

popsport: დინამო-კარლ ცაისის შეხვედრას დიუსელდორფის გრანდიოზულ სტადიონზე ცოტა მაყურებელი დაესწრო. როგორც ჩანს, ეს მაშინდელი პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ფინალში ორი სოციალისტური ქვეყნის გუნდი გავიდა, მატჩი კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა...

პაატა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი: ეს ლაპარაკი უფრო მოგვიანებით დაიწყეს, იმ დროს კი იმდენად მწირი იყო ინფორმაცია, რომ ამის ანალიზი არ გაკეთებულა. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში ზღვა ინფორმაცია მოდის და ყველაფერი გაადვილდა, მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო. დიახ, შესაძლოა, იყო პოლიტიკური მოტივიც, მაგრამ გულშემატკივარი ალბათ მაინც ბენფიკა-ფეიენოორდის თამაშს უფრო ელოდა და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ტრიბუნებიც გავსებულიყო. ვფიქრობ, ევროპელი გულშემატკივრებისთვის დინამო-კარლ ცაისის ფინალი არ იყო ისეთი საინტერესო, როგორიც ბენფიკა-ფეიენოორდის ფინალი იქნებოდა.

popsport: თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, დინამოს ევროპის სუპერთასზე ლივერპულთან უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს მატჩი არ შედგა. ხომ არ ჩაშალა ეს მატჩი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ, რომელსაც ისედაც არ მოსწონდა თბილისური გუნდის წარმატებები?

ნაცვლიშვილი: კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს სულ სხვა დროა და ახალი თაობა ბედნიერია იმით, რომ ზღვა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მაშინ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. ის, რომ ლივერპულმა დინამოსთან თამაში არ ისურვა, ან ის, რომ მიხეილ მესხს მსოფლიო ნაკრებში მიწვევა დაუმალეს და მსგავსი ამბები ხალხში კი ვრცელდებოდა, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა და როგორ, ახლა რთული სათქმელია. დღეს, ეს უკვე ისტორიაა, ხოლო ისტორია სულაც არ არის ზუსტი მეცნიერება და ხშირად შეცდომაში შევყავართ ხოლმე. სპორტული ჟურნალისტიკა ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული, ვარაუდებით საუბარი არ ივარგებს.

დინამოს 1981 წლის ტრიუმფს, 75 000-იანი ტევადობის სტადიონზე მხოლოდ 5 000-მდე მაყურებელი დაესწრო

 

კომენტარები

ბოლო ამბები