Thumbnail

ზედიზედ მესამე გამარჯვება! ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა
  • გაგამარუს დადებითი ბალანსი გაუხდა

ტოკიოს დარბაზ "რიოგოკუ კოკუგიკანში" წლის მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს (ზაფხულის ბაშო) მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. 

დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით მოუგო. ტოჩინოშინს 3:0 ბალანსი აქვს და ბაშოზე ლიდერთა შორისაა. 

ბაშოს მე-4 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე იქნება მე-3 მაეგაშირა ტამავაში. მონღოლთან ურთიერთდაპირისპირებაში ქართველი 17:10-ს იგებს. ნაცუ ბაშოზე ტამავაშის 1-2 ბალანსი აქვს.

ბაშოზე დაუმარცხებელი 5 სუმოისტი დარჩა - კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), რიუდენი (მაეგაშირა 5), ასანოიამა (მაეგაშირა 8) და ჩიომარუ (მაეგაშირა 13).

ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩიონოუმის შეხვდა და მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს 2-1 ბალანსი აქვს და ახლა ჯურიოს მე-6 ნომერ კოტოიუკის ხვდება. 

მესამე დღე სენსაციური გამოდგა - სამივე ოძეკიმ წააგო, მათ შორის ამ რანგში დებიუტანტმა ტაკაკეიშომ, რომელიც დარბაზში ჰოკუტოფუჯიმ მოისროლა. გოეიდოს ენდოს აჯობა, ხოლო ტაკაიასუს - მიტაკეუმიმ. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ტრავმის გამო დააკლდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც იმპერატორის თასი რეკორდულად, 42-ჯერ მოიგო. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, რომ ჩემპიონის (ოძეკი) რანგი დაიბრუნოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები