Thumbnail

'სულ ამ ილეთით მოგებას ვერ შეგპირდებით' - ტოჩინოშინი კმაყოფილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი ორი გამარჯვების შემდეგ
  • მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმია

სეკივაკეს რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იაპონიის ახალ ერაში (ქვეყანას ახალი იმპერატორი ჰყავს) პირველი ბაშო წარმატებით დაიწყო - მან დამაჯერებლად აჯობა ჩიოტაირიუსა და დაიეიშოს. რაც მთავარია, ჩვენ ძველი ტოჩინოშინი ვიხილეთ, რომელსაც ტრავმა არ აბრკოლებს - შედეგად, ქართველმა სუმოისტმა პირველ ბრძოლაში ორჯერ სცადა ცურიდაშით მოგება (მეტოქე ხელში აიტაცა), თუმცა საბოლოოდ იორიკირით მოიგო. დაიეიშო კი სწორედ ცურიდაშით დაამარცხა. 

ტოჩინოშინს 2-0 ბალანსი აქვს

"ვერ შეგპირდებით, რომ სულ ასეთი ილეთით მოვიგებ, თუმცა მე ძალიან მომეწონა. ახლა მშვიდად წავალ სახლში და ვივახშმებ. არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ, რომ აუცილებლად ოძეკის ტიტული უნდა დავიბრუნო. ყოველდღიურ რეჟიმში დავრჩები, კონცენტრირებული ვარ, მაგრამ არა დაძაბული. მხოლოდ მომდევნო ბრძოლაზე ვიფიქრებ", - განუცხადა nikkansports.com-ს ქართველმა სუმოისტმა. 

160-კილოიანმა დაიეიშომ კი თქვა, რომ სანამ აზრზე მოვედი, რა ხდებოდა, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და ჰაერში ვიყავიო.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმია (7:5 ურთიერთშეხვედრებში), ვისაც ნაცუ ბაშოზე 0-2 ბალანსი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები