Thumbnail

აზარმა ჩელსის ყველაფერი უთხრა - სარი ბელგიელს მადლობას უხდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედენ აზარმა განაცხადა, რომ ჩელსის შეფებს გადაწყვეტილება აცნობა
  • მაურიციო სარი ამბობს, რომ ბელგიელის ნაბიჯს ყველამ პატივი უნდა სცეს

ედენ აზარი ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელებს ესაუბრა და თავისი სამომავლო გეგმები გაუმხილა. “გადაწყვეტილება მივიღე და ამის შესახებ უკვე კლუბის შეფებმაც იციან. ახლა მხოლოდ იმას ველოდები, რომ სიტუაცია ბოლომდე გაირკვეს. მათ იციან, რა მსურს და ამის შესახებ მალე ყველა გაიგებს,” - განაცხადა ბელგიელმა გამთამაშებელმა ლესტერთან პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის (0:0) შემდეგ.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ახლა მხოლოდ ევროპალიგის ფინალს ელოდება (არსენალთან) და ამ მატჩის შემდეგ აზარის ტრანსფერს გამოაცხადებს.

ჩელსის ფანებს ედენ აზარი განსაკუთრებით უყვართ

“საქმე მხოლოდ მე არ მეხება. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ფინალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვისურვებდი, რომ ყველაფერი უფრო ადრე გარკვეულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, სიტუაციის საბოლოო გარკვევას მეც ისევე ველოდები, როგორც ფანები,” - დასძინა 28 წლის აზარმა, რომელიც დიდი ალბათობით, მადრიდის რეალში მიდის.

ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის კომენტარიდანაც ჩანს, რომ აზარს ჩელსიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი: “ედენ აზარი დიდი ფეხბურთელია. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ! მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.”

აზარს ჩელსისთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. ინგლისური მედიის ცნობით, რეალი მის სანაცვლოდ 112 მილიონ ევროს გადაიხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები