Thumbnail
  • ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია და ეს კავაი ლეონარდის დამსახურებაა
  • რეპტორსის სუპერვარსკვლავმა ბოლო წამზე დაუჯერებელი ბაზერბითერი ჩააგდო

ტორონტო რეპტორსისა და ფილადელფია სიქსერსის მეშვიდე, გადამწყვეტი დაპირისპირების ბოლო წამზე, კავაი ლეონარდმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, ურთულესი პოზიციიდან ესროლა. ბურთმა კალათზე ხტუნაობა დაიწყო, ორივე გუნდის გულშემატკივრებს ‘სისხლი გაეყინათ’. ერთი, ორი, სამი… მეოთხე შეხების შემდეგ ბურთი ჩავარდა - ტორონტოს ფანები სიხარულისგან გაგიჟდნენ, სიქსერსის ქომაგები კი ატირდნენ. საქმე ისაა, რომ კავაის ამ ბაზერბითერმა ტორონტო NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანა!

📺 ვიდეო: კავაი ლეონარდის ისტორიული ბაზერბითერი 

სწორედ ლეონარდის დამსახურებაა, რომ რეპტორსმა ჯოელ ემბიიდის, ბენ სიმონსისა და ჯიმი ბატლერის გარშემო აწყობილი ფილადელფია მეშვიდე მატჩში 92:90 დაამარცხა და კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსს დაუპირისპირდება. 

კავაი ლეონარდი მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოთამაშეა NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ‘Do-or-die-თამაშში’ ბაზერბითერი ჩააგდო! პირველი მაიკლ ჯორდანი გახლდათ, რომელმაც ასეთი რამ 1989 წელს, კლივლენდთან მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში გააკეთა - მის ლეგენდარულ ტყორცნას The Shot-ის სახელით იცნობთ. სამაგიეროდ, ლეონარდი პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის მეშვიდე თამაშში შეძლო ბაზერბითერის ჩაგდება!

📺 ვიდეო: მაიკლ ჯორდანის ლეგენდარული The Shot

“დაუჯერებელი ამბავია! ასეთი რამ აქამდე არასდროს გამომიცდია. მე-7 თამაშში გადამწყვეტი ბურთის ჩაგდებას ვგულისხმობ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მომენტი გამოვცადე,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კავაი ლეონარდმა.

ტორონტოელებმა დრამატული გამარჯვება ემოციურად იზეიმეს, ფილადელფიას მოთამაშეებს კი მომხდარის დაჯერება უჭირდათ. ჯოელ ემბიიდმა ცრემლები ვერ შეიკავა და დარბაზიდან ტირილით გავიდა.

კავაიმ საბოლოოდ 41 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა - ის არა მარტო მატჩის გმირი, არამედ ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. სიქსერსიდან საუკეთესო ემბიიდი იყო - 21 ქულით და 11 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფილადელფიასთვის სეზონი დასრულდა, ტორონტო კი კონფერენციის ფინალში იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკის დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: ტორონტო 92:90 ფილადელფია (მიმოხილვა)

პორტლენდმა დენვერი გააგდო!

კავაის სასწაულ ბაზერბითერამდე ცოტა ხნით ადრე, ასევე მეშვიდე და გადამწყვეტი მატჩი გაიმართა დენვერსა და პორტლენდს შორის - ტრეილ ბლეიზერსმა ნაგეთსი სტუმრად 100:96 დაამარცხა. სი ჯეი მაკკოლუმმა 37 ქულის ჩაგდება მოახერხა (პლუს 9 მოხსნა), ლილარდი კი მხოლოდ 13 ქულით და 10 მოხსნით დაკმაყოფილდა. ნიკოლა იოკიჩის აქტივში 29 ქულა და 13 მოხსნა იყო.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში პორტლენდი გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდება. ამრიგად, ძმების დუელი შედგება - როგორც იცით, ტრეილ ბლეიზერსის მოთამაშე სეთ კარი უორიორსის სუპერვარსკვლავის, სტეფ კარის ძმაა.

📺 ვიდეო: დენვერი 96:100 პორტლენდი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები