Thumbnail
  • ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისტორიულად დაძაბული იყო
  • მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
  • ლივერპული 97 ქულით (!) მეორე ადგილზე გავიდა

ბრაიტონი ლივერპულს ვერ დაეხმარა - მანჩესტერ სიტიმ სტუმრად 4:1 მოიგო და ინგლისის ჩემპიონობა შეინარჩუნა! ლივერპულს ვულვერჰემპტონთან 2:0 აღარ ეყო, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი მაინც ქებას იმსახურებს, რადგან მეორე ადგილზე 97 ქულით გავიდა და ჩემპიონ სიტის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები მე-19 ტიტულს 1990 წლის შემდეგ ელოდებიან.

“მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1 მატჩი წავაგეთ, 97 ქულა გვაქვს, მაგრამ ჩემპიონები ვერ გავხდით. საოცნებო ტრიუმფამდე ერთადერთი ქულა დაგვაკლდა! მომდევნო სეზონში ისევ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ,” - განაცხადა სადიო მანემ, რომელმაც ვულვზთან დუბლი შეასრულა (2:0).

“მართალია, არცისე კარგ ხასიათზე ვართ, მაგრამ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ სეზონის უმთავრესი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ,” - ეს კლოპის სიტყვებია და ცხადია, რომ გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გულისხმობს, სადაც 3 კვირაში ტოტენჰემს დაუპირისპირდება. “ვულოცავ მანჩესტერ სიტის. შევეცადეთ, რომ მათთვის საქმე გაგვერთულებინა, მაგრამ საკმარისად ვერ გავურთულეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდით ვამაყობ!” - დასძინა კლოპმა.

'დაუჯერებლად ძლიერ ლიგაში, დაუჯერებლად ძლიერი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები და ეს განსაკუთრებული მოვლენაა!' - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონების კაპიტნის, ვენსან კომპანის თქმით, მანჩესტერ სიტისთვის ეს ურთულესი სეზონი იყო: “ლივერპული ამ სეზონში არაჩვეულებრივი იყო. რეალურად, მათ წაგება არ დაიმსახურეს! ჩემი აზრით, სიტისთვის ეს ისტორიაში ყველაზე რთული საჩემპიონო სეზონი გამოდგა.”

“ტიტულის მოგება მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასეთი რთული არასდროს ყოფილა!” - ეს სიტის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია, - “დაუჯერებლად ძლიერ ლიგაში, დაუჯერებლად ძლიერი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები და ეს განსაკუთრებული მოვლენაა! ჩვენ მალევე შევამჩნიეთ, რომ ლივერპული ძალიან მაგარ სეზონს ჩაატარებდა. ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან სწორედ მათ გაგვაძლიერეს, მათი დამსახურებაა, რომ უფრო მაგრები გავხდით!”

საბოლო ანგარიში (1:4) ილქაი გიუნდოგანმა, ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა

მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზური ტოტენჰემმა მოიპოვა - ევერტონთან 2:2 საკმარისი იყო იმისათვის, რომ სპურსს არსენალთან უპირატესობა შეენარჩუნებინა. მესამე ადგილი კი ჩელსიმ დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები