Thumbnail

ჯოკოვიჩის ტრიუმფი მადრიდში - პირველმა ჩოგანმა ციციპასს შანსი არ დაუტოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა მადრიდის მასტერსი მესამედ მოიგო
  • სერბმა ფინალში სტეფანოს ციციპასი ადვილად დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მადრიდის ATP-მასტერსი კარიერაში მესამედ მოიგო. 31 წლის სერბმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი საკმაოდ ადვილად, ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სეზონის მეორე ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დიდი სლემის ტურნირების 15-გზის გამარჯვებულმა მადრიდის მასტერსი სეტის წაუგებლად მოიგო!

1:32 საათიან ფინალში ჯოკოვიჩმა მეოთხე მატჩპოინტი გამოიყენა და კარიერაში 74-ე ტურნირი მოიგო. ნოლეს მადრიდის მასტერსი აქამდე ორჯერ - 2011 და 2016 წლებში ჰქონდა მოგებული. ციციპასმა კი, რომელმაც მანამდე შარშანდელი გამარჯვებული ალექსანდერ ზვერევი და რეკორდსმენი რაფაელ ნადალი დაამარცხა, ATP-ტურის მისთვის ყველაზე დიდი ტიტულის მოგების შანსი გაუშვა.

📺 ნოლეს გამარჯვება ლუიშ ფიგუმ და კლარენს ზეედორფმა მიულოცეს

ამრიგად, ინდიან ველსის, მაიამისა და მონტე კარლოს მასტერსებზე ნაადრევი წაგებების შემდეგ, ჯოკოვიჩმა თიხნარის სეზონისთვის დროულად აღიდგინა ფორმა. ციციპასთან ეს მისი მეორე დუელი გახლდათ (პირველი, 2018 წელს ტორონტოში წააგო) და ფავორიტმა ნოლემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. 20 წლის ბერძენმა ნოვაკს ერთი ბრეიკიც კი ვერ აუღო!

📺 ვიდეო: ფინალის მიმოხილვა

ჯოკოვიჩი და ციციპასი ამ კვირაში რომის მასტერსზე გადაინაცვლებენ. ეს იქნება კიდევ ერთი რეპეტიცია საფრანგეთის ღია პირველობის წინ - როლან გაროსი 26 მაისს იწყება და 9 ივნისამდე გაგრძელდება. ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობა მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს აქვს მოგებული.

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩის ზეიმი მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები