Thumbnail

‘საოცარი ბიჭები, საოცარი სეზონი!’ - შოთა არველაძემ აიაქსს მიულოცა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, აიაქსი ჰოლანდიის ჩემპიონატში ზეიმობს
  • ამსტერდამელებმა ჩემპიონობა თითქმის გაინაღდეს
  • შოთა არველაძემ აიაქსს ინსტაგრამზე მიულოცა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხიდან 4 დღის შემდეგ, აიაქსმა ხასიათი ჰოლანდიის ჩემპიონატში გამოიკეთა. ამსტერდამელებმა ბოლოსწინა ტურში უტრეხტი 4:1 დაამარცხეს, უახლოესმა მდევარმა ეინდჰოვენმა კი ალკმაართან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ფაქტობრივად ჰოლანდიის ჩემპიონია!

სეზონის დამთავრებამდე 1 ტურით ადრე, აიაქსი პსვ-ს 3 ქულით უსწრებს და ბურთების გაცილებით უკეთესი შეფარდება აქვს (+14) - შესაბამისად, ოფიციალურად ჯერ კიდევ  არა, მაგრამ აიაქსს ტიტული ფაქტობრივად განაღდებული აქვს. ოთხშაბათს, ამსტერდამელები ბოლო ტურში გრააფსხაპს ესტუმრებიან და 34-ე ჩემპიონობას უკვე ოფიციალურად იზეიმებენ.

უტრეხტთან გოლები ჰუნტელაარმა (14), ვან დე ბეეკმა (45+1) და ტადიჩმა (დუბლი, 75-ე და მე-80 წუთებზე) გაიტანეს. ტენ ჰაგის გუნდმა 27-ე თამაში მოიგო და 83 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ამსტერდამულ გრანდს ბრწყინვალე სეზონი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა. 

“გილოცავთ! საოცარი სეზონი, საოცარი ბიჭები. რა მშვენიერი თავგადასავალი იყო” - დაპოსტა შოთამ.

🎧 მოუსმინეPOP PODCAST #001 | აიაქსი - ამსტერდამული კულტურის ნაწილი

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები