Thumbnail
  • მერსედესის ზედიზედ მეხუთე დუბლი და ახალი რეკორდი
  • ჰემილტონი და ბოტასი უკვე დიდი უპირატესობით ლიდერობენ

ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონში ჯერ მხოლოდ 5 ეტაპი ჩატარდა და კიდევ 16 ეტაპია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნების გაკეთება, შესაძლოა, ნაადრევი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მერსედესი შეუჩერებელია, ინტრიგა კი - მკვდარი!

მერსედესის პილოტებმა ლუის ჰემილტონმა და ვალტერი ბოტასმა მეხუთე რბოლაც (ესპანეთის გრანპრი) მოიგეს და ზედიზედ მეხუთე დუბლი იზეიმეს. ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი და ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია.

ფერარის ფანებისთვის კი განსაკუთრებით დრამატულია ის ფაქტი, რომ სებასტიან ფეტელი ბარსელონაში მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა, მისმა თანაგუნდელმა შარლ ლეკლერმა კი მეხუთე ადგილი დაიკავა. მესამე პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი გავიდა და მერსედესის პილოტებთან ერთად, პოდიუმზე სწორედ ის მოხვდა.

ამრიგად, მიუხედავად დიდი აფდეითისა და ახალი ძრავისა, ფერარიმ მერსედესს კონკურენცია მაინც ვერ გაუწია! ჰემილტონი და ბოტასი მაქსიმალურად დომინირებენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბრუტალური სტარტი აიღო და ბოტასს გადაასწრო, ფერსტაპენმა კი - ფეტელს.

მე-12 წრეზე ფეტელმა ლეკლერიც გაატარა, რადგან გერმანელს საბურავებში ვიბრაციები ჰქონდა, ლეკლერს კი - უკეთესი შანსი, გაესწრო ფერსტაპენისთვის. ამის შემდეგ ფეტელმა არაერთხელ ითხოვა საბურავების შეცვლა და მე-19 წრეზე მედიუმებზე გადაიყვანეს. 25-ე წრეზე ლეკლერიც შევიდა ბოქსებში, ფეტელმა კი ამასობაში, მე-10 ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა.

თუმცა უკვე ცხადი იყო, რომ ფერარის პილოტებს რბოლის მოგების შანსი აღარ ჰქონდათ. 52-ე წრეზე რესტარტი შედგა, მაგრამ წინა ხაზზე არაფერი შეიცვალა - ჰემილტონი, ბოტასი, ფერსტაპენი, ფეტელი, ლეკლერი. ეს იყო და ეს. ყველაზე სწრაფი წრეც ჰემილტონმა დააფიქსირა და დამატებითი ქულაც მან აიღო.

5 ეტაპის შემდეგ, მერსედესის პილოტები უდიდესი უპირატესობით ლიდერობენ. ჰემილტონს 112 ქულა აქვს, ბოტასს კი - 105.  მესამე ადგილზე ახლა უკვე ფერსტაპენია, რომელსაც 66 ქულა აქვს და ფეტელს 2 ქულით უსწრებს.

საერთო ჩათვლა - TOP 10 (21-დან 5 რბოლის შემდეგ)

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 112

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 105

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 66

4. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 64

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 57

6. პიერ გასლი (რედ ბული) - 21

7. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) - 14

8. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 13

9. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) - 13

10. ლენდო ნორისი (მაკლარენი) - 12

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 217

2. ფერარი - 121

3. რედ ბული - 87

4. მაკლარენი - 22

5. რეისინგ პოინტი - 17

6. ჰაასი - 15

7. ალფა რომეო - 13

8. რენო - 12

9. ტორო როსო - 6

10. უილიამსი - 0

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები