Thumbnail

დიდი 10 | ჩემპიონობა 17 წლის შემდეგ! ბათუმმა ხარებს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმი 36:11 ხარები
  • ბათუმმა ჩემპიონობა საკუთარ სტადიონზე მოიპოვა

სარაგბო კლუბი ბათუმი დიდი 10-ის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. ბათუმელებმა ფინალში რუსთავის ხარები 25 ქულით, 36:11 დაამარცხეს. ბათუმელებმა ჩემპიონობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმეს.

პირველ 26 წუთში გუნდებმა 6 ჯარიმა გაიტანეს. ხარები მე-4 წუთზე კობა ბუჯიაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდეგაც მამუკა ნინიძემ ზედიზედ 4 ჯარიმა გაიტანა - 12:3. ბუჯიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირა. მატჩის პირველი ლელო ანზორ სიჭინავამ გაიტანა, რომელიც მამუკა ნინიძემ გარდასახა - 19:6. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი ზურა ერისთავის ლელოთი დაიწყო და ბათუმმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა - 24:6.

ხარებმა ანგარიშში სხვაობა მე-60 წუთზე შეამცირეს, როდესაც ლექსო მელიქიშვილი ბათუმელ მეტოქეს გაექცა და ლელოს დადება შეძლო - 24:11.

ბათუმმა დარჩენილ დროში კიდევ ორი ლელო გაიტანა. ხარების ლელოდან 3 წუთში თავი ნიკა ნინიძემ გამოიჩინა, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი და ბათუმი 20 ქულით წინ გავიდა - 31:11.

მატჩის ბოლო ლელო ანზორ სიჭინავას ანგარიშზეა, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა და მატჩის საბოოლოო ანგარიში დააფიქსირა - 36:11. ბათუმმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა მოიპოვა და იმედია, რომ გუნდი მომავალ სეზონში კონტინენტის ფარზე იასპარეზებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ხმალაძე დაასახელეს. 'ბორჯღალოსანმა' შესანიშნავად ითამაშა და მთელი სეზონის განმავლობაში ბათუმის ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმის მორაგბე): უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა მეტოქე გუნდსა და გულშემატკივრებს. ეს გუნდი ორი წელია შენდება. წელს უფრო კარგი გუნდი გახვდით და გრძელი სათადარიგო სკამის ხარჯზე შევძელით და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ვულოცავ ბათუმის ქომაგებს ამ გამარჯვებას.

კომენტარები

ბოლო ამბები