Thumbnail

სტეფანოს ციციპასმა რაფა ნადალს მოუგო! ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტეფანოს ციციპასმა მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა
  • ბერძენმა ესპანელს 6:4, 2:6, 6:3 მოუგო
  • ციციპასი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

სტეფანოს ციციპასი მადრიდის მასტერსის ფინალშია! შარშანდელი გამარჯვებულის, ალექსანდერ ზვერევის დამარცხებიდან ერთი დღის შემდეგ, 20 წლის ბერძენმა ნახევარფინალში თვით რაფაელ ნადალი დაამარცხა და ფინალში, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ციციპასმა თიხნარის ესპანელი მეფე სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ბერძენი კარიერაში ATP-ტურის ყველაზე დიდ ტიტულს მოიგებს. ჯოკოვიჩმა, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, ნახევარფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი ორ სეტში, 7:6 (7:2), 7:6 (7:4) დაამარცხა. 

რაც შეეხება ნადალს, რომელიც მადრიდის მასტერსის ხუთგზის გამარჯვებულია: როლან გაროსის დაწყებამდე (26 მაისი) ორი კვირით ადრე, ესპანელი წელს კვლავ უტიტულოდაა. შეგახსენებთ, რომ რაფა მონტე კარლოსა და ბარსელონას ტურნირებსაც ნახევარფინალში გამოეთიშა.

ნადალისგან განსხვავებით, ჯოკოვიჩი საუკეთესო ფორმას უახლოვდება. სერბს მადრიდის მასტერსი ორჯერ, 2011 და 2016 წლებში აქვს მოგებული, ახლა კი, ესპანეთის დედაქალაქში მესამე ტრიუმფს უმიზნებს. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ნოვაკმა მეოთხედფინალში, მარინ ჩილიჩის ბარიერი უბრძოლველად გადალახა, ტიმმა კი როჯერ ფედერერთან დიდი ბრძოლა გადაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სტეფანოს ციციპასი რაფა ნადალს მეოთხედ შეხვდა და მას არა მარტო პირველი სეტი, არამედ თამაშიც პირველად მოუგო.

📺 ვიდეო: მადრიდის მასტერსის ნახევარფინალების მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები