Thumbnail

კიდევ ერთი დრამატული მატჩი ბათუმში - გამარჯვების გოლი ბოლო წამებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზღვა ემოციები ანგისას სტადიონზე
  • ორი დინამოს დაპირისპირება ბათუმში

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა დინამომ თბილისის დინამოს უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ანგისას სტადიონზე სრულად შეივსო ტრიბუნები და გულშემატკივარმა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, დაძაბული და დრამატული მატჩი იხილა.

23-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც თბილისური გუნდის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ვალერიან თევდორაძემ კი ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0. დაახლოებით 10 წუთში ლაშა ჩალაძემ შორი მანძილიდან შესანიშნავად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა, 2:0.

მატჩის ბოლო 15 წუთში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. 76-ე და 86-ე წუთებზე ბათუმელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა, 2:2. ჯერ გურამ ადამაძემ დალაშქრა საკუთარი კარი, ხოლო შემდეგ ალეფ სანტოსმა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ბათუმის დინამომ მორიგი კარგი კომბინაცია გაითამაშა, თორნიკე გაფრინდაშვილმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:2.

ის, რაც გაფრინდაშვილის გოლის შემდეგ და ზოგადად, მთელი მატჩის მსვლელობისას ანგისას სტადიონზე ხდებოდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. ბათუმელმა გულშემატკივრებმა საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს და მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს გამარჯვება.

12 ტურის შემდეგ, 25 ქულით სატურნირო ცხრილს სწორედ ბათუმის დინამო ლიდერობს. ერთი ქულით ნაკლები აქვს მეორეზე მყოფ საბურთალოს, ხოლო 23 ქულით ტოპ სამეულს ტორპედო აბოლოებს. თბილისის დინამო 20 ქულით მეოთხე ადგილზეა.

დინამო ბთ. 3:2 დინამო თბ.

გოლები: 1:0 თევდორაძე (23-პენ.), 2:0 ჩალაძე (35), 2:1 ადამაძე (76-საკ. კარში), 2:2 სანტოსი (86-საკ. კარში), 3:2 გაფრინდაშვილი (90).

ჩიხურა 1:0 ვიტ ჯორჯია

გოლი: 1:0 სარდალიშვილი (69).

სიონი 2:1 დილა

გოლები: 1:0 კირკიტაძე (18), 1:1 ფორტესი (45), 2:1 ისიაბი (72).

კომენტარები

ბოლო ამბები