Thumbnail
  • 📅 12 მაისი | ⌚ 22:30 | ⚽ რომა V იუვენტუსი
  • ტურინული გუნდი დედაქალაქში სატურნირო მოტივაციის გარეშე ჩადის
  • ევროსაგზურისთვის მებრძოლი რომასთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია   

იტალიური სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება დედაქალაქში გაიმართება, სადაც ადგილობრივი რომა უკვე გაჩემპიონებულ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ტურინელებმა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ახლა საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა "ბებერი ქალბატონი" საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას "ოლიმპიკოზეც", მით უმეტეს, რომ მისთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით აზრი აღარ აქვს. აი, მასპინძლებისთვის კი, რომლებსაც ევროსაგზურის ზონაში ადგილი შესანარჩუნებელი აქვთ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა. 

რომა

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, კლაუდიო რანიერის გუნდისთვის, შესაძლოა, ეს ბოლო შანსიც იყოს ოთხეულში მოსახვედრად (ჩემპიონთა ლიგის ზონა). ამ მატჩის წაგება კი "მგლების" ამბიციებს პრაქტიკულად დაასამარებს. 

არადა, ეს სეზონი რომაელებისთვის უკვე დასრულებული ჩანდა, მაგრამ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა დაივიწყა. ახლა რომას 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და რომ არა ბოლო ტურში ჯენოასთან დასანანი ფრე (1:1), ტურის წინ მეოთხე ადგილოსან ინტერთან ჩამორჩენა მხოლოდ ქულა ექნებოდა, ახლა კი მილანს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მეექვსე პოზიციაზეა. 

ელ-შაარავი იუვეს ფორმაში ხვდება - 2 გოლი ბოლო 3 მატჩში

რანიერი, რომელმაც რომადან გაშვებული ეუსებიო დი ფრანჩესკოს ადგილი მარტში დაიკავა, დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმის მიღწევას შეეცდება, თუმცა, ჯიუტად აცხადებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

"რომაში იმიტომ მოვედი, რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც კლუბიდან დამირეკეს. ჩემი სამუშაო აქ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება", - აცხადებს გამოცდილი სპეციალისტი. 

📸 რომას მზადება იუვესთან მატჩისთვის

რომა იუვენტუსთან მნიშვნელოვან მატჩს განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდება. გუნდს მხოლოდ დიეგო პეროტი ვერ დაეხმარება, თუმცა კითხვის ნიშნებია დე როსისა და სანტონის მზადყოფნაზეც. 

იუვენტუსი

კრიშტიანოს მოტივაცია ბომბარდირთა დავაა, სადაც ლიდერ კვალიარელას 4 გოლით ჩამორჩება

ფიორენტინასთან მოგებისა (2:1) და ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, იუვენტუსი მოეშვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მომდევნო ორი მატჩი სერია A-ში ფრედ დაასრულა - ინტერსა (1:1) და ტორინოსთან (1:1), გოლები კი მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ შეაგდო, რომელსაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის ამბიცია აქვს და არ ჩერდება. 

ტურინში კი ლამის მთელი კვირის განმავლობაში არა შედეგებს, არამედ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მომავალს განიხილავენ. ამბობენ, რომ ალეგრის წასვლა უნდა, მის ადგილზე კი შესაძლოა, ანტონიო კონტეც დაბრუნდეს. 
  
იქამდე კი ალეგრის დედაქალაქში დისკვალიფიკაციის გამო ფედერიკო ბერნარდესკის იმედი არ აქნება. ტურინულ გუნდში ტრავმები აქვთ: პერინს, ხედირას, ჯანს, მანჯუკიჩს, დუგლას კოშტასა და ალექს სანდროს.

უცნობია, უხელმძღვანელებს თუ არა იუვეს მომავალ სეზონშიც მასიმილიანო ალეგრი

საინტერესო ფაქტები 

⚽ რომა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 12 საშინაო შეხვედრიდან 11-ში დაუმარცხებელი დარჩა.

⚽ კლაუდიო რანიერის გუნდმა ზედიზედ ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

⚽ რომა ტურინის იუვენტუსთან ყველა ტურნირში გამართულ ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში დაუმარცხებელია.

⚽ იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში იუვემ ტურინში ანგარიშით 1:0 მოიგო, წინა სეზონში კი "ოლიმპიკოზე" გოლი არ გასულა - 0:0.

⚽ კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით რომა ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია - 3 მოგება, 3 ფრე. 

⚽ ყველა ტურნირში, "ოლიმპიკოზე" ჩატარებულ რომასა და იუვეს ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. 

⚽ იუვენტუსმა რომას წინააღმდეგ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.  

⚽ იუვემ ყველა ტურნირში ბოლო 7 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაუშვა, 2-ზე მეტი გოლი კი ბოლო 10 შეხვედრაში არ გაუტანია.

⚽ იუვენტუსმა ყველა ტურნირის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ეს "ბებერი ქალბატონის" ყველზე ცუდი სერიაა 2010 წლის შემდეგ. 

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-2-3-1): მირანტე - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, როსი - ძანიოლო, პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო

იუვენტუსი (4-4-2):  შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - კუადრადო, პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი - რონალდო, კინი.

კომენტარები

ბოლო ამბები