Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 113:118 გოლდენ სტეიტ უორიროსი
  • მოქმედმა ჩემპიონებმა სერია 4-2 მოიგეს და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ
  • მასპინძლებს ჯეიმს ჰარდენის 35-მა ქულამ ვერ უშველა, სტუმრებს სტეფ კარიმ ულიდერა 

გოლდენ სტეიტი NBA-ს ზედიზედ მესამე ჩემპიონობისკენ მიიწევს. უორიორსმა, რომელსაც ტრავმის გამო კევინ დურანტი ვერ ეხმარებოდა, დასავლეთ კონფერნეციის ნახევარფინალური სერიის მეექვსე მატჩში სტუმრად მაინც აჯობა ჰიუსტონ როკეტსს, სერია მოიგო და ფინალში გავიდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბოლო მეოთხედის წინ კი როკეტსს 5-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა (87:82), მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტი პერიოდი ჩააგდეს, რომელიც "მეომრებმა" ათქულიანი სხვაობით მოიგეს - 36:26.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა ლიდერი ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. ჰარდენმა, რომელმაც ასევე 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, 15-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო, 12 საჯარიმოდან კი მხოლოდ - 7. ჰიუსტონში ორმაგი დუბლი ჰქონდათ კრის პოლსა (27 ქულა, 11 პასი) და კლინტ კაპელას (10-10 ქულა და მოხსნა). 

კლინტ კაპელამ გოლდენ სტეიტთან ორმაგი დუბლი შეასრულა

დურანტის არყოფნაში გოლდენ სტეიტს 31 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 5 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. კარიმ 11-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო, 11 საჯარიმოდან კი ყველა გამოიყენა. სტივენმა ყველა ქულა შეხვედრის მეორე ნახევარში მოიპოვა, ბოლო 12 წუთში კი სულაც 23 ქულა ჩააგდო და ამით პლეი ოფში, მატჩის პერიოდში ნაჩვენები შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

📺 არაჩვეულებრივი სტეფ კარი 

რაც შეეხება უორიორსის სხვა მოთამაშეებს, კლეი ტომპსონმა, რომელმაც პერიმეტრიდან 13-იდან 7-ჯერ ზუსტად ისროლა, 27 ქულით დაასრულა თამაში. ანდრე იგუდალამ 8-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო და 17 ქულა მიითვალა.

📺 მატჩის ტოპ-5 მომენტი 

გოლდენ სტეიტმა სერია 4-2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც დენვერი-პორტლენდის წყვილში (სერიაში ანგარიშითა 3-3) მოგებულს დაუპირისპირდება.

თავისი გუნდის წარმატებისგან გახარებული კევინ დურანტი

გოლდენ სტეიტის წარმატებას უმალ გამოეხმაურა ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

"არასდროს შეიძლება დაუფასებლობა იმისა, ვისაც ჩემპიონის გული აქვს", - დაწერა ლებრონმა ტვიტერზე.

ჰარდენისა და ჰიუსტონის ოცნების ახდენა მინიმუმ ერთი წლით გადაიდო

ჰიუსტონის მფლობელმა ტილმან ფერტიტამ კი პირობა დადო, რომ NBA-ს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მომავალში მაინც გააგრძელებენ.

"ვიცი, რომ ამ ვითარებას გადავიტანთ. მოვა ჩვენი დროც. ჯეიმს ჰარდენი 30 წლისაა. გპირდებით, მასთან ერთად ჩემპიონები მაინც გავხდებით. არ ჩამოვყრით ხელებს და მიზნისთვის ყოველ წელს ვიბრძოლებთ".

კომენტარები

ბოლო ამბები