Thumbnail

'ასე გავაგრძელებ' - ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

  • 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა
  • რკინიგზელთა გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის გვარს სკანდირებდნენ
  • თამაშის შემდეგ მოსკოვის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შეაქო

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ლოკომოტივის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 18 წლის ნახევარმცველმა თავი რუსეთის პრემიერლიგის 28-ტურში, რუბინთან საშინაო მატჩში (4:0) გამოიჩინა. ხვიჩა მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, აქედან 9 წუთში კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელია 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. 

თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: 

"რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ პირველი გოლით. პირველ რიგში გამარჯვებით და შემდეგ - გოლით. ასე გავაგრძელებ", - აღნიშნა ხვიჩამ თამაშის შემდეგ.

მოსკოვის ლოკომოტივმა, რომლის რიგებში შეუცვლელად ითამაშა მეორე ქართველმა ლეგიონერმა საბა კვერკველიამ, მოპოვებული გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ვიცე-ჩემპიონობაში კი ქართველების გუნდს კრასნოდარი ეცილება, რომელსაც თამაშით ნაკლები და 47 ქულა აქვს. 

ახალგაზრდა თანამემამულის გოლმა საბა კვერკველია განსაკუთრებით გაახარა, რომელმაც ხვიჩას წარმატება მოედანზევე მიულოცა.

"ვინ მომილოცა პირველმა? ანტონ მირანჩუკმა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო. შემდეგ საბამ - კვერკველია ძალიან ბედნიერი იყო ჩემი წარმატების გამო".

მოსკოვში ხვიჩას ყველაზე დიდი გულშემატკივარი საბა კვერკველიაა 

თამაშის შემდეგ ხვივა "რკინიგზელთა" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმაც შეაქო, რომელიც ქართველი ფეხბურთელების მიმართ სიმპათიით ყოველთვის გამოირჩეოდა და კომპლიმენტებს არც კვარაცხელიას მიმართ იშურებს ხოლმე:

"ხვიჩას თანაგუნდელებმაც მიულოცეს და გულშემატკივრებმაც, რომლებიც მის გვარს სკანდირებდნენ. როდესაც მოთამაშე მოედანზე გადის და შრომობს, ეს ქომაგს ყოველთვის მოსწონს. ყოჩაღ, რომ შეაგდო. ქართველებს ლოკომოტივში გაშინაურება არ უჭით".

ხვიჩამ ლოკომოტივის მაისურით პრემიერლიგის მეხუთე მატჩში ითამაშა 

მოსკოვის ლოკომოტივს წინ რუსეთის თასის ½-ფინალის შეხვედრაც ელის როსტოვთან. პირველი დაპირისპირება მოსკოვში ფრედ 2:2 დასრულდა, საპასუხო კი 15 მაისს ჩატარდება. 

"როსტოვთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. თასის ნახევარფინალია და დაძაბულობა იქნება. მოვემზადებით მაქსიმალურად, რათა გავიდეთ და მოვიგოთ", - ამბობს ხვიჩა.

ხვიჩა კვარაცხელია რუსთავის ფეხბურთელია, მოსკოვის ლოკომოტივში კი სეზონის მეორე ნახევარს იჯარით ატარებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მის ანგარიშზე 6 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები